Aa
Aa

"ვშიშობ, 2-3 თვეში ასეთი ჩოგბურთელები უფრო მძიმე ვითარებაში ვიქნებით" - შაფათავას ინტერვიუ CNN-თან

როგორც ვიცით, 19 მარტს, ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ პეტიცია შექმნა, რომლითაც ITF-ს შემოსავლების გარეშე დარჩენილ ჩოგბურთელთა დახმარებისკენ მოუწოდა. შაფათავა წერდა, რომ მოთამაშეთა უდიდესი ნაწილი თანხებს მხოლოდ ტურნირებზე მოგებული მატჩებით გამოიმუშავებს, პანდემიის პირობებში კი ისინი მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდებიან და უახლოეს თვეებში თავის გატანა გაუჭირდებათ, შემდეგ კისპორტული კარიერის გაგრძელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დაუდგებათ.

პეტიციას ამ მომენტისათვის 2000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, თემამ კი მსოფლიოს წამყვანი გამოცემები მოიარა. შაფათავა რამდენიმე დღის წინ CNN-ს ესაუბრა და განაცხადა:

„ძალიან რთულია, მართლაც, საშინელი ვითარებაა. ეს პრობლემა არსებობს და არ ჩანს წინაპირობა, რომ აღარ იარსებებს, არადა, რეალურად ვშიშობ, რომ შემდეგი 2-3 თვე კიდევ უფრო მძიმე შედეგების წინაშე დაგვაყენებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთ ჩოგბურთელს ვესაუბრე, რომელთაც არ იციან, გადასახადები როგორ გადაიხადონ. პეტიციის მიზანია, მივიპყროთ ITF-ის ან ნებისმიერი სხვა, თუნდაც კერძო პირის ყურადღება, რომელსაც ჩვენი დახმარება შეუძლია.

ვერ ვვარჯიშობთ, ვერ ვთამაშობთ და ვერ ვიღებთ მონაწილეობას საკლუბო მატჩებში, რომლებიც დაბალშემოსავლიანი ჩოგბურთელებისთვის, ტურნირებისა და მწვრთნელობის გარდა, თანხების მიღების მთავარი წყაროა.

მაღალ და დაბალრეიტინგიან ჩოგბურთელებს შორის სხვაობა უდიდესია და ეს ცხოვრებისეულ ასპექტებში კიდევ უფრო ნათლადაა გამოხატული. სპორტის მოყვარულებს ხშირად ესმით რეიტინგის საუკეთესო 50-ეულში მყოფ მოთამაშეთა გვარები, თუმცა მათ გარდა ამ სპორტს პროფესიონალურად კიდევ ათასობით ადამიანი თამაშობს. თუკი ჩოგბურთელთა 50%-ს ამ პრობლემის გამო კარიერის დასრულება მოუწია, არ მგონია, ჩოგბურთი გადარჩეს. მესმის, რომ დიდ ტურნირებზე ბილეთები იყიდება და ეს უდიდესი შემოსავალია, მაგრამ მათ გარდა უამრავი დაბალი დონის ტურნირი არსებობს, რომელთა შემოსავალიც ასევე სოლიდური და მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სპორტის პოპულარიზაციაში ვარსკვლავები დიდ როლს თამაშობენ, ასევე არსებობს თითქმის 96.5% მოთამაშეებისა, რომელთაც ჩოგბურთის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ და ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ჩვენ ჯარიმის გადახდა გვიწევს ყოველთვის, როცა კორტზე რამეს დავაშავებთ ან ტურნირიდან განაცხადს გვიან მოვხსნით. ასე რომ, ვფიქრობ, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან დახმარება, გარკვეულწილად, გვეკუთვნის კიდეც“, - აღნიშნა ქართველმა ჩოგბურთელმა CNN-თან საუბრისას.

ამ პრობლემას თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი, პატრიკ მურატოღლუ რამდენიმე დღის წინ „ტვიტერზე“ ვრცელი პოსტით გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩოგბურთი მხოლოდ ელიტარული მოთამაშეებით ვერ იარსებებს და თავად ამ სპორტისთვისაა აუცილებელი, რომ, პანდემიის პირობებში, ფინანსური პრობლემების წინაშე მყოფ ჩოგბურთელებს შესაბამისი ორგანიზაციები დაეხმარონ, რათა მათი კარიერა საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

გასულ წელს, როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ის იმუშავებს იმისთვის, რათა დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელებმა ტურნირების საპრიზო წილიდან უფრო მეტი თანხები მიიღონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები