„ილიასთვის ცარუკიანი ყველაზე რთული გამოწვევა იქნება“ - UFC-ის მებრძოლის პროგნოზი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კაილ ნელსონმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორისთვის“ ამ წონაში ყველაზე რთული მეტოქე არმან ცარუკიანი იქნება.
34 წლის მებრძოლმა ილიას კრივზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართველს ორგანიზაციაში ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა აქვს, თუმცა ცარუკიანთან ჭიდაობაში ძალიან გაუჭირდება.
რას ამბობს ნელსონი:
„ილია უდავოდ ნიჭიერია. ისეთ მებრძოლებთან იჩხუბა, როგორებიც არიან ბრაის მიტჩელი, ჯოშ ემეტი, რაიან ჰოლი... ასევე, შესანიშნავ ჯიუ-ჯიცერთან და თავი კარგად დაიცვა. ის არასდროს დამარცხებულა არც ჭიდაობაში და არც სტრაიკინგში. ასე რომ, ვფიქრობ, მწვერვალზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება.“
„მისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად არმან ცარუკიანს ვხედავ, რომელიც ფიზიკურად ძლიერი და დიდი ბიჭია. მას თავის წონაში ნებისმიერის დამარცხება შეუძლია.“
„ოლივეირას წინააღმდეგ ვნახეთ, რომ როდესაც ისინი გალიასთან აღმოჩნდნენ, ჩანდა, რომ ჩარლზს ილიასთან შედარებით ოდნავ მეტი ზომა და ძალა ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერაფერი გააწყო. ამიტომ, საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ იმოქმედებს არმანის მსგავსი მებრძოლი მსგავს პოზიციაში. თუმცა, თუ თოფურია სახეში დაარტყამს, არ მგონია ამას გაუძლოს, რადგან ვფიქრობ, რომ ილიას დღესდღეობით UFC-ში ყველაზე მკვეთრი, სუფთა კრივი და უდიდესი ნოკაუტის ძალა აქვს.“
ილია თოფურიამ UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი 29 ივნისს, ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ მოიპოვა. მას შემდეგ, MMA-ის სამყარო მომდევნო მეტოქის მოლოდინშია, რომელიც ჯერჯერობით, კიდევ არ გამხდარა ცნობილი. მედიაში იწერება, რომ „მატადორი“ სავარაუდოდ ჯასტინ გეიჯის, ან პედი პიმბლეტს 2026 წლის იანვარში, UFC 324-ზე დაუპირისპირდება.