გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

უნდობლობა და შემცირებული სათამაშო დრო |ქოჩორას გამოწვევა კიდევ უფრო გართულდა

18 წლის პორტუგალიელი ტალანტის ჟოაო სიმოეშის კარგმა თამაშმა „სპორტინგის’’ ნახევარდაცვაში კონკურენცია მნიშვნელოვნად გააძლიერა. სეზონის დასაწყისში მთავარი მწვრთნელი რუი ბორჟესი იულმანი-მორიტას წყვილს ანიჭებდა უპირატესობას, ქოჩორაშვილი მორიტას ნაცვლად ერთვებოდა თამაშში, მაგრამ ჟოაო სიმოეშის პროგრესმა მორიტაც სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ აქცია, აზიელის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდა.

ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა Record-ი წერს: „სპორტინგის’’ მთავარი მწვრთნელი რუი ბორჟესი ჟოაო სიმოეშის ბურთითა და უბურთოდ თამაშის ინტენსიურობასა და ტაქტიკურ ცოდნაში დარწმუნდა’’.

ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სასტარტოში მხოლოდ სამჯერ მოხვდა, როცა მორიტა ტრავმირებული იყო და იმ მომენტში სიმოეში სასტარტოში ვერ ხვდებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე „კაირატთან'' მატჩი ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ქოჩორაშვილმა სასტარტოდან დაიწყო და მორიტა სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ამ მატჩში ქართველმა საგოლე პასი შეასრულა და მეორე ტაიმში მორიტამ შეცვალა.

გასულ სეზონში ქართველის „სპორტინგში'' ტრანსფერის დადასტურების პერიოდში მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მარკ ბარომ პორტუგალიურ Abola-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გიორგის ჩემპიონის მენტალიტეტი აქვს. მას ახლა სწორედ ფსიქოლოგიური სიმტკიცე და ჩემპიონის მენტალიტეტის გამოვლენა სჭირდება, მაგრამ კონკურენციის მოგება რთული იქნება თუ ბორჟესი სათამაშო დროს არ გაუზრდის და იულმანის მეწყვილის პოზიციაზე მესამე ვარიანტად დარჩება. ამ მომენტისთვის აშკარაა, რომ ქოჩორაშვილისთვის პორტუგალიის ჩემპიონ გუნდში დამკვიდრება მარტივი გამოწვევა არ იქნება და ახლა ეს უფრო რთულია ვიდრე სეზონის სტარტზე, როცა მისი კონკურენტი მხოლოდ მორიტა იყო.

პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში „ტონდელასთან'' მატჩის წინ ბორჟესმა სიმოეშის შესახებ თქვა: „თამაშისთვის მზადაა. როგორც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი, ჩვენს მოთხოვნებს ფანტასტიკურად პასუხობს. სეზონის წინ რთული მოსამზადებელი ეტაპი გაირა ადაპტაციისა და ჩვენი მოლოდინების გამო. პროგრესი აჩვენა, თამაშის შესაძლებლობა ეძლევა. მომავალში „სპორტინგის'' ლიდერი იქნება. იზრდება და ვითარდება, იცის რა უნდა გააუმჯობესოს''.

ბოლო მატჩებში ნახევარდაცვის ცენტრში კაპიტან მორტენ იულმანს სიმოეში უწყვილდება. ასე იყო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ მატჩსა და პორტუგალიის ბოლო ტურში. ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ მატჩში ბორჟესმა 18 წლის ტალანტი „ნაპოლისთან’’ (78 წუთი) და „მარსელთან’’ (64 წუთი) სასტარტო 11-ეულში ათამაშა. გიორგი ქოჩორაშვილი ორივე მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მორიტა „ნაპოლისთან’’ ცვლილებაზე გამოვიდა,  სიმოეში შეცვალა, იაპონელს „მარსელთან’’ არ უთამაშია.

მიუხედავად იმისა, რომ ბორჟესი ბოლო მატჩებში სიმოეშს დიდ ნდობას უცხადებას, შესაძლოა როტაციას მიმართოს და 18 წლის ნახევარმცველის ნაცვლად მორიტა ან ქოჩორაშვილი ათამაშოს. ამ ეტაპზე ქოჩორაშვილის როტაცია საუკეთესო გამოსავალია, რომ კონკურენტებზე აჯობოს და სასტარტო 11-ეულში ადგილი დაიმკვიდროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ფეხბურთელი ირლანდიის ნაკრებში (U15) | ვინ არის მათე ისაკაძე
ქართველი ფეხბურთელი ირლანდიის ნაკრებში (U15) | ვინ არის მათე ისაკაძე