Mamba Out – ზუსტად 4 წლის წინ, კობი კალათბურთს დაემშვიდობა
Aa
Aa

Mamba Out – ზუსტად 4 წლის წინ, კობი კალათბურთს დაემშვიდობა

2016 წლის 13 აპრილს, კობი ბრაიანტმა „ლეიკერსის“ რიგებში უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა. „შავმა მამბამ“ საყვარელი გუნდის მაისური „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ მოირგო და გულშემატკივრები ბოლოჯერ გააოცა.

მატჩის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტით ადრე, „ლეიკერსი“ 10 ქულით აგებდა და ანგარიში 86-96 გახლდათ. „შავი მამბა“ სწორედ ამ მომენტში ჩაირთო. კობიმ პირადად 11-0 გაქცევა მოაწყო, რის შემდეგაც ორი საჯარიმო ჩააგდო და ლოს-ანჯელესურ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

ასეთი იყო კობი, გადამწყვეტ მომენტებში ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდა, თუმცა დღეს მის საკალათბურთო გენიალიზმზე არ ვისაუბრებ. დღეს, მინდა ბევრისთვის უცნობი ისტორია გაგიზიაროთ, რომელიც საზოგადოებას ადამ მორისონმა გაანდო.

ვინც არ იცით, ადამ მორისონი გახლავთ კალათბურთელი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ლარი ბერდს ადარებდნენ, თუმცა მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. 2009-10 წლებში მორისონი „ლეიკერსში“ თამაშობდა, მაგრამ პარკეტზე დიდ დროს არ ატარებდა და მალევე გუნდის დატოვება მოუწია. მის მიმართ ინტერესს არავინ იჩენდა, რის გამოც დეპრესიაში ჩავარდა და კობი მას სწორედ ამ დროს დაეხმარა.

„ჩემი კარიერა უფსკრულისკენ მიემართებოდა და პირად ცხოვრებაშიც სერიოზული პრობლემები მქონდა. დეპრესიაში ჩავვარდი და სახლს პრაქტიკულად არ ვტოვებდი. არ მინდოდა გარეთ გავსულიყავი და მომესმინა თუ ასეთ ასაკში რატომ არ ვთამაშობდი.

ერთ დღეს, ლეიკერსის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, რობერტ ლარა დამიკავშირდა და ჩემი ზუსტი მისამართი მკითხა. გარკვეული დროის შემდეგ, ამანათი მივიღე. ყუთის გახსნისას აღმოვაჩინე, რომ მასში დიდიე დროგბას მიერ ხელმოწერილი მაისური იდო, რომელიც მას ერთ-ერთი მატჩისას ეცვა. მაისურზე ასეთი წარწერა გახლდათ განთავსებული - „ადამს, საუკეთესო სურვილებით“. ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩელსის გულშემატკივარი ვარ და დროგბა ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია.

რამდენიმე საათის შემდეგ, ჩელსის ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს წავაწყდი, რომელზეც კობი და დროგბა იყვნენ გამოსახულნი და ლონდონელთა ფეხბურთელს ეჭირა მაისური წარწერით - „ადამს, საუკეთესო სურვილებით“. წარმოიდგინეთ, კობი ჩემს საყვარელ ფეხბურთელთან მივიდა, მას მაისურზე ხელი მოაწერინა და გამომიგზავნა მაშინ, როცა ურთულესი პერიოდი მქონდა. ის მაისური ახლაც მაქვს... ასეთი იყო კობი ბრაიანტი. იგი სხვის პრობლემებს ყოველთვის გრძნობდა და დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა“.

მშვიდობით კობი.

Mamba Out!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები