"ჩოგბურთი ყველაფერზე მეტად მიყვარს" - ანა ტატიშვილმა კარიერა დაასრულა
ანა ტატიშვილმა აქტიური საჩოგბურთო კარიერა დაასრულა. WTA-ს ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის მოთამაშეს ამის გაკეთება ხშირმა ტრავმიანობამ აიძულა.
„საქართველოში დაბადებული ამერიკელი, რომელიც ამჟამად 30 წლისაა, ფართო საჩოგბურთო სამყარომ 2012 წელს გაიცნო, როცა იგი ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში გავიდა, სადაც იმდროინდელ მსოფლიოს პირველ ჩოგან ვიქტორია აზარენკასთან დამარცხდა“. - წერს WTA-ს ოფიციალური საიტი.
"Unfortunately, due to recurring injuries, my body is not allowing me to play competitive tennis any longer."@ankatati has announced her retirement from professional tennis --> https://t.co/D2QHZ2H1Xb pic.twitter.com/Qn5dDgpSB5
— WTA (@WTA) March 26, 2020
ხსენებული შედეგი დიდ სლემებზე ტატიშვილისთვის საუკეთესოა, იგი იმ პერიოდში საქართველოს სახელით ასპარეზობდა, ამერიკის მოქალაქეობა კი 2014 წელს მიიღო.
ტატიშვილის გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ WTA-ს ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: “სამწუხაროდ, განმეორებითი ტრავმების გამო, ჩემი სხეული არ მაძლევს საშუალევას, უმაღლესი დონის ჩოგბურთი ვითამაშო. აღმოჩნდა, რომ პროფესიონალური სპორტი არა მხოლოდ კორტზე ბრძოლა, არამედ ტრავმებთან გამკლავებაცაა. რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო, გადავწყვიტე, პროფესიონალური ჩოგბურთი დავტოვო და ჩემი ყურადღება კორტს მიღმა გადავიტანო“.
— Anna Tatishvili (@ankatati) March 26, 2020
ანა ტატიშვილს საუკეთესო სარეიტინგო შედეგი 2012 წლის ოქტომბერში ჰქონდა, როცა მსოფლიოს 50-ე ჩოგანი გახლდათ. კარიერის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამარჯვებას 2015 წლის ამერიკის ღია პირველობაზე მიაღწია - მაშინ ტურნირის კვალიფიკანტმა ქართველმა იმჟამინდელი მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, კაროლინა პლიშკოვა, 51 წუთში - 6:2; 6:1 გაანადგურა.
„ჩოგბურთი ყველაფერზე მეტად მიყვარს და მისი მადლიერი ვარ იმისთვის, რაც მომცა. მისგან გამოყოლილი დაუვიწყარი მოგონებები ყოველთვის მემახსოვრება“.
ტატიშვილი 7 წლის ასაკიდან კრის ევერტის აკადემიაში ვარჯიშობდა, პროფესიონალურ ჩოგბურთში კი 15 წლის ასაკში, 2005 წელს, შეაბიჯა. წყვილთა შორის WTA-ში 1 ტიტული მოიპოვა, ITF-ის ეგიდით კი ერთეულთა გათამაშების ჩემპიონობა 11-ჯერ იზეიმა. WTA-ში სულ 355 მატჩი მოიგო და 280-ჯერ დამარცხდა, ხოლო საპრიზო თანხის სახით ჯამურად 1 609 016 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.
პ.ს. CrystalSport-ი აფასებს ანა ტატიშვილის კარიერას და წარმატებებს უსურვებს მას სამომავლო საქმიანობაში.