კორონავირუსი და ტრანსფერები | ბარსა 8 მოთამაშეს უშვებს
Aa
Aa

კორონავირუსი და ტრანსფერები | ბარსა 8 მოთამაშეს უშვებს

„ბარსელონაში“ კორონავირუსის გამო არსებულ საფეხბურთო პაუზას ტრანსფერებზე მსჯელობისთვის იყენებენ. კლუბი სამომავლო გეგმებს აწყობს და ახალი გუნდის ასაშენებლად ემზადება.

როგორც ცნობილია, ბართომეუმ კაპიტნებთან (მესი, პიკე, ბუსკეცი, რობერტო) შეხვედრის შემდეგ შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელებს ხელფასების დაკლებაზე შეუთანხმდა (თუმცა არა ყველას).

კორონავირუსის გამო კლუბებმა ფინანსური ზარალიც ნახეს, თავად „ბარსამ“ უკვე იზარალა 160 მილიონი ევროთი, რაც მათ სატრანსფერო მიზნებზეც აისახება. მიუხედავად ამისა ბართომეუ ხმაურიან გარიგებებს მაინც გეგმავს, თუმცა იქამე დადგინდა წამსვლელთა სია, რომელშიც რამდენიმე გვარის მოხვედრას ბევრი არ ელოდა.

მეკარე ნეტო, სამუელ უმტიტი, კარლეს ალენია, არტურო ვიდალი, ივან რაკიტიჩი, ფელიპე კოუტინიო, ატუან გრიზმანი და მარტინ ბრეიტვეიტი. Sport-ის ცნობით, ხსენებული 8 მოთამაშე ტრანსფერზეა დაყენებული და კლუბი მათ გასხვისებას აქტიურად განიხილავს.

სანამ დიდ გვარებს შევეხებოდეთ, იქამდე დანიელ ბრეიტვეიტზე ვთქვათ, რომელიც „ბლაუგრანას“ 20 თებერვალს შეუერთდა, ჯამში კი კატალონიელთა რიგებში მხოლოდ 34 დღე აქვს გატარებული.

15 მილიონად ნაყიდ დანიელს კლუბი უკვე ტრანსფერზე აყენებს, ამის მიზეზი რა თქმა უნდა ახალი შენაძენებია, რომელსაც ბართომეუ და მისი გუნდი გეგმავს.

„ბარსა“ ფლანგის ფორვარდთან ერთად ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმებასაც გეგმავს. ყველამ კარგად იცის, რომ კანდიდატები ნეიმარი და ლაუტარო მარტინესი არიან, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სურვილი და მიზანია, ყველაფერი წინაა.

სავარაუდოდ არ წავა ლუის სუარესი, რომელიც გუნდში ახლადმოსულ ფორვარდთან როტაციაში ითამაშებს და ეტაპობრივად სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებს. „ელ პისტოლერო“ უკვე 33 წლის არის და ხშირი ტრავმიანობითაც გამოირჩევა.

რაც შეეხება სიის ყველაზე მოულოდნელ წევრს, ეს ანტუან გრიზმანია. ფრანგი ვერაფრით მოერგო თავის ახალ პოზიციასა და სტილს. რაც მას ყველაზე უკეთ გამოსდის, ამ მხრივ „ბარსა“ მას არ იყენებს და რეალურად არც სჭირდება. აქედან გამომდინარე 28 წლის შემტევი ტრანსფერზეა.

გრიზმანი „ბარსელონამ“ ტრანსფერზე დააყენა, ვნახოთ შემდეგ რა მოხდება“, ამბობს Sky Sports-ის ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე.

120 მილიონად ნაყიდ გრიზმანთან ერთად იგეგმება 145 მილიონად შეძენილი კოუტინიოს მოშორებაც. ბრაზილიელის ფასს „ბარსა“ 100 მილიონამდე ჩამოწევს, თუმცა მისი გაყიდვა 80 მილიონადაც არის შესაძლებელია. „ბაიერნი“ მის სრულად გამოსყიდვას და დატოვებას არ აპირებს, ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია.

რაც შეეხება უმტიტის, მას მსურველები პრემირლიგიდან ჰყავს და მის ნაცვლად „ბარსა“ მაღალი დონის უკანახაზელის გაფორმებას გეგმავს.

ნეტოს წასვლა ჩვეულებრივი ამბავია. კატალონიელები სათადარიგო კიპერს საკმაოდ ხშირად იცვლიან ხოლმე.

ნახევარდაცვაში სიტუაცია ყველაზე საყურადღებოა. გუნდი ასაკში მყოფი და დრომოჭმული კადრებისგან თავისუფლდება. რაკიტიჩის და ვიდალის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, ასევე საბოლოოდ წავა ალენიაც, რომელიც „ბეტისში“ იჯარის წესით იმყოფება.

გასხვისებული მოთამაშეებიდან „ბარსელონა“ საკმაო რაოდენობის თანხის მიღებას ელოდება, რაც ახალ ტრანსფერებს მოხმარდება.

P.S. და კიდევ - ევროპულ პრესაში დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ კლუბები FIFA-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთხმად ემხრობიან გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სატრანსფერო ფანჯარა ზაფხულში არ დაიხურება და იანვრამდე გაგრძელდება, რათა კორონავირუსისა და შეწყვეტილი სეზონების გამო კლუბებს შემადგენლობების დაკომპლექტება არ გაუჭირდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები