განხეთქილება ბარსაში - ფეხბურთელთა ნაწილი ხელფასის შემცირებაზე უარს აცხადებს
Aa
Aa

განხეთქილება ბარსაში - ფეხბურთელთა ნაწილი ხელფასის შემცირებაზე უარს აცხადებს

„ბარსელონას“ ფეხბურთელებს კორონავირუსის პანდემიის გამო, ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ. როგორც მოგეხსენებათ, „ბლაუგრანა“ იმედოვნებს, რომ მოთამაშეები, რომლებიც ანაზღაურების სახით დიდ თანხებს იღებენ, დათმობებზე წავლენ და კლუბი ფინანსურ კრიზისში არ ჩავარდება.

პარასკევს „ბარსას“ დირექტორთა საბჭომ შეხვედრა გამართა და ფეხბურთელებისთვის ხელფასის დაკლების იდეა განიხილა. „კამპ ნოუს“ ბინადრების მესვეურებს სჯერათ, რომ მოთამაშეები ამ იდეას მხარს დაუჭერენ, მაგრამ Sport იტყობინება, რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ფეხბურთელები სამ ჯგუფად არიან დაყოფილნი.

პირველი ჯგუფი ხელფასის შემცირების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათ წარმოდგენა არ აქვთ რატომ უნდა თქვან ხელფასის ნაწილზე უარი, როცა კლუბმა უპერსპექტივო და არაფრისმომცემ ტრანსფერებში უდიდესი ინვესტიციები განახორციელა.

მეორე ჯგუფი „ბარსას“ ხელმძღვანელებს მხარს უჭერს და მზადაა ხელფასის დაკლებაზე თანხმობა განაცხადოს. ამ ჯგუფის წევრებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა კლუბის მესვეურთა წინააღმდეგ წასვლას არ გეგმავენ.

დაბოლოს, მესამე ჯგუფი არ ჩქარობს და მოვლენების განვითარებას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Sport იუწყებოდა, რომ „ბარსელონას“ მოთამაშეებმა ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები