Aa Aa
27 თებერვალი 2020  |  10:52

ლიონი VS იუვენტუსი - მატჩის შემდეგ

ლიონში, „პარკ ოლიმპიკ ლიონზე“, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში „ლიონმა“ „იუვენტუსს“ 1:0 მოუგო. ფრანგებს გამარჯვება ლუკას ტუსარმა მოუტანა, რომელმაც იტალიელთა კარი 31-ე წუთზე აიღო.

პირველ ნახევარში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მეორე ტაიმში კი „ბებერ ქალბატონს“ გაცილებით მეტი შანსი მიეცა, თუმცა გათანაბრება ვერ შეძლო და საპასუხო მატჩს არცთუ სასიამოვნო ანგარიშით შეხვდება.

რუდი გარსია: „შეგვიძლია, შეხვედრა ორ ნაწილად დავყოთ. პირველ ნახევარში ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ - არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავს შესანიშნავად ვიცავდით, არამედ სათამაშო გეგმასაც ზედმიწევნით ზუსტად მივყვებოდით. მეორე ტაიმში უკვე ბურთი აღარ გვქონდა და ვიტანჯებოდით. მათ კი მე-4 თავდამსხმელი შემოიყვანეს და დიდი ძალებით თავდაცვა მოგვიწია.

როცა ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ატარებ, ძალიან მნიშვნელოვანია, გოლი არ გაუშვა. ჩემი ერთადერთი წუხილი ისაა, რომ შესანიშნავად ჩატარებული პირველი ტაიმისას მეორე ვერ გავიტანეთ.“

მაურიციო სარი: „პირველ ტაიმში ბურთი ძალიან ნელა მოძრაობდა, მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ტაიმის თამაში საკმარისი არაა. არ ვიცი, რატომ ვერ შევძელი, ფეხბურთელებისთვის ამეხსნა, რომ ბურთს ბევრად სწრაფად უნდა ემოძრავა.

შეტევაში საშემსრულებლო ოსტატობა და აგრესია დაგვაკლდა, ერთ-ერთ 15-წუთიან მონაკვეთში კი სათანადოდ ვერც დაცვაში ვმოქმედებდით. ბოლო დროს მოედანზე იმის საპირისპიროს ვაკეთებთ, რასაც - ვარჯიშებზე.“

გუნდები განმეორებით თამაშს 17 მარტს, ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ ჩაატარებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები