Aa
Aa

რეალი VS სიტი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდის „რეალი“ მისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა. ანგარიში მე-60 წუთზე ისკომ გახსნა, რასაც ინგლისელებმა ჟესუშის გოლითა და დე ბრუინის ზუსტად შესრულებული პენალტით უპასუხეს.

„სიტიმ“ ევროტურნირებზე 50-წლიანი სერია შეწყვიტა და ესპანურ გუნდს სტუმრად 1970 წლის შემდეგ პირველად მოუგო. ისიც აღსანიშნავია, რომ ინგლისურ კლუბთაგან წლევანდელი 1/8 ფინალის პირველ შეხვედრებში გოლის გატანა მხოლოდ გუარდიოლას გუნდმა შეძლო.

ზინედინ ზიდანი: „ბედნიერი ვერ ვიქნები იმით, რომ თამაში კარგად დავიწყეთ, 10 წუთის შემდეგ კი ისეთი შეცდომები დავუშვით, რომლებიც ძვირად დაგვიჯდა. ჩვენ 90 წუთის განმავლობაში ტოტალური კონცენტრაცია გვჭირდებოდა, განსაკუთრებით ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „სიტია“.

ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს მხოლოდ ორრაუნდიანი დაპირისპირების ნახევარი ვნახეთ და საქმე ასეა - მანჩესტერში უნდა ჩავიდეთ და თამაში მოვიგოთ.“

პეპ გუარდიოლა: „თუკი მთხოვთ, დაგისახელოთ მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ამ სიტუაციის შეტრიალება შეუძლია, სწორედ „რეალს“ გეტყვით. რა თქმა უნდა, კარგი შედეგია, თუმცა მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვითამაშეთ. აქ მოსაგებად ჩამოვედით და ამ დიდებულ სტადიონზე ამას მივაღწიეთ კიდეც, თუმცა ეს მხოლოდ საქმის ნახევარია.

ვიტყოდი, რომ როცა კარგად თამაში დავიწყეთ და ვდომინირებდით, მაშინ გავუშვით გოლი, რომელიც არ უნდა გაგვეშვა და როცა უკეთესად ისინი თამაშობდნენ, ჩვენ მაშინ გავიტანეთ - ასეთია ჩემპიონთა ლიგა და ასეთია ფეხბურთი.

ეს ისეთი ტურნირია, რომელშიც თამაშს 90 წუთის განმავლობაში ვერ გააკონტროლებ, თუმცა ჩვენ შანსებს მთელი მატჩის განმავლობაში ვქმნიდით და კურტუამ ნამდვილად კარგად ითამაშა. ასევე შევძელით, ბენზემასგან თავი ეფექტურად დაგვეცვა, რაც მნიშვნელოვანი იყო. შეტევაში კი ნამდვილად კარგი მომენტები შევქმენით, რასაც ამ სტადიონზე ბევრი გუნდი ვერ აკეთებს.

კევინმა პენალტი გამოიყენა, რაც დიდი პასუხისმგებლობა იყო და მინდა, მადლობა ვუთხრა. ასეთ მატჩში პენალტიდან გატანას გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება.

„ბერნაბეუზე“ მოგება უდიდეს კმაყოფილებას იწვევს და ბედნიერები ვართ. ასეთ შედეგებს მიჩვეული არ ვართ, დღეს მიღწეული გამარჯვება კი მეტყველებს, რომ მოგება ნებისმიერ სტადიონზე შეგვიძლია.“

გუარდიოლა ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც 21-ე საუკუნეში „რეალს“ 10 შეხვედრა მოუგო - მან ერნესტო ვალვერდესა და დიეგო სიმეონეს გადაასწრო, რომელთაც „სამეფო კლუბი“ 9-9-ჯერ დაამარცხეს.

უეფა-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კევინ დე ბრუინი დაასახელა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 2017 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა, უშუალოდ ფლეი-ოფში კი სულაც 2016 წლის აპრილის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი.

კევინ დე ბრუინი: „საწყისი 15 წუთის განმავლობაში ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა ასეთ დროს ქარიშხალის მოგერიებისთვის მზად უნდა იყო. პირველი ტაიმის დარჩენილ ნაწილში სიტუაცია გამოვასწორეთ, მეორე ნახევარი კი ნამდვილად კარგად დავიწყეთ, თუმცა, გოლი იმ მომენტში გავუშვით, როცა ვდომინირებდით.

ჩვენი პასუხი კი მართლაც ბრწყინვალე გახლდათ, შესანიშნავი გოლი გაბისგან და შემდეგ ჩემ მიერ პენალტიდან გატანილი მეორე გოლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ორრაუნდიან დაპირისპირებაში ჩვენთვის ყველაფერი კარგად დაიწყო.“

გუნდები საპასუხო შეხვედრას 17 მარტს, „ეტიჰედ სთედიუმზე“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები