რთული გამარჯვება! - ბასილაშვილი დუბაის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა
Aa
Aa

რთული გამარჯვება! - ბასილაშვილი დუბაის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის 500-იანი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა გათამაშების პირველ წრეში ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი რთულ 3-სეტიან ბრძოლაში დაამარცხა.

ნიკამ პირველ სეტში მიღებული უპირატესობა ვერ გამოიყენა და პარტიებში ჩამორჩა, რასაც საკმაოდ ძნელად, ტაიბრეიკზე აღებული მეორე სეტი მოჰყვა.

საბოლოოდ, ჩვენმა თანამემამულემ თამაშის სადავეები მე-3 პარტიაში სრულად მოიპოვა, რაც ორბრეიკიანი უპირატესობით მოგებულ სეტში გარდასახა და შეხვედრა 2 საათსა და 39 წუთში - 5:7; 7:6; 6:3-ით დაასრულა.

ნიკამ 14 ეისი მოაწოდა და 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 63-დან 48 (76%), ხოლო მეორეზე 55-დან 24 ქულა (44%) მოიგო. მეტოქის მოწოდება 4-ჯერ აიღო, საკუთარი კი 3-ჯერ დათმო.

გათამაშების მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი იან-ლენარ შტრუფი იქნება, რომელმაც მსოფლიოს მე-12 ჩოგან რობერტო ბაუტისტა-აგუტს მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა დუბაიში გასულ წელს 1/4 ფინალამდე გააღწია, რის გამოც წელს 90 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი და საამისოდ მინიმუმ კიდევ ერთი მატჩის მოგება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები