Aa
Aa

ზედიზედ 16 სეტი! - ციციპასი მარსელში დომინირებს

სტეფანოს ციციპასმა 2020 წლის სეზონში პირველი ტიტული დაისაკუთრა. ახალგაზრდა ბერძენმა მარსელის 250-იანი ტურნირის ფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს აჯობა.

ციციპასი მთელი შეხვედრის განმავლობაში უკეთესი იყო და თამაში 86 წუთში - 6:3; 6:4-ით დაასრულა. ბერძენმა ჩემპიონმა მარსელში ტიტული დაიცვა და საკუთარი ბრწყინვალე სვლაც გააგრძელა - ამ ტურნირზე უკვე ზედიზედ 16 სეტი აქვს მოგებული.

 

 

1998 წელს დაბადებული ციციპასი, ტომას ენკვისტის შემდეგ პირველია, რომელმაც მარსელში ტიტული ზედიზედ მოიპოვა. ენკვისტმა ეს ციციპასის დაბადების წელს გააკეთა.

სტეფანოსმა მარსელში წარმატებული თამაშისთვის 250 სარეიტინგო ქულა და 116 030 ევრო მიიღო. იგი კვლავ მსოფლიოს მე-6 ჩოგანია.

ბრაზილიის ქალაქმა რიომ კი 500-იან ტურნირს უმასპინძლა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჩილელი კრისტიან გარინი და გათამაშების აღმოჩენა - ჯანლუკა მაგერი დაუპირისპირდნენ. შედარებით გამოცდილმა გარინმა მეტოქეს 7:6; 7:5 მოუგო და კარიერაში მე-4 ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება დელრეი ბიჩში გამართულ კიდევ ერთ 250-იან ტურნირს, ის ადგილობრივი რეილი ოპელკას გამარჯვებით დასრულდა. გიგანტმა ამერიკელმა საკუთარ მარაგს 250 სარეიტინგო ქულა და 97 585 დოლარი შემატა, კარიერაში კი მე-2 ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები