Aa
Aa

რივალდო ბრეიტუეიტის ტრანსფერს აკრიტიკებს - „კლუბს შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უნდა მიეცა "

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რივალდომ ბრეიტუეიტის ტრანსფერი გააკრიტიკა. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა „ბარსას“ ახალწვეულის შესახებ AS-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ, ბრეიტუეიტის ტრანსფერს არ ვეთანხმები და არ მესმის ბარსელონამ დანიელი ფეხბურთელი რატომ გადაიბირა. ორი მიზეზი მაქვს, რის გამოც ბარსას გადაწყვეტილება არ მომწონს. პირველი - მათ ბრეიტუეიტი სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ გაიფორმეს. და მეორე - ჩემი აზრით კატალონიელებს ლა მასიას რომელიმე ფეხბურთელისთვის უნდა მიეცათ შანსი.

ბარსელონა პროგრესს აჩვენებს და ვერ ვპოულობ მიზეზს, რის გამოც თავდამსხმელის გაფორმება აუცილებლობას წარმოადგენდა. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეჭვი მეპარება ბრეიტუეიტი ის ფეხბურთელი იყოს, რომელიც ბლაუგრანას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

ვთვლი, რომ კლუბს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უნდა მიეცა შანსი. თანაც მათ ბრეიტუეიტი ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი კლუბიდან გადაიბირეს და ეს ლეგანესს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის“.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა ბრეიტუეიტი 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. „ბლაუგრანამ“ დანიელი ფეხბურთელი გუშინ წარადგინა და იგი „ბარსას“ რიგებში 19-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები