ზედიზედ მესამედ! - ტალახაძე მსოფლიოს წლის საუკეთესო ძალოსანია!
Aa
Aa

ზედიზედ მესამედ! - ტალახაძე მსოფლიოს წლის საუკეთესო ძალოსანია!

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 2019 წლის საუკეთესო ძალოსნის წოდება ლაშა ტალახაძეს მიენიჭა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 50 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო, მამაკაცებისთვის მიცემული ხმებიდან 17 084 ტალახაძეს ერგო. ლაშამ მეორე ადგილზე გასულ სომეხ სიმონ მარტიროსიანზე 3-ჯერ მეტი ხმა მიიღო, მე-3 ადგილზე გასულმა ჩინელმა, ლიუ სიაოჯუნმა კი 2 169 ხმა დაიმსახურა.

ქართველმა გოლიათმა გასულ წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, შედეგად, მსოფლიოს წლის საუკეთესო ძალოსნის სტატუსი ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

"მამაკაცთა შორის ბოლო 3 წლის განმავლობაში არაფერი იცვლება: ქართველი გიგანტი, ტალახაძე ზედიზედ მესამე გამარჯვებას ზეიმობს. არაა გასაკვირი, რადგან მან ამას საფუძველი გასულ წელს დამყარებული მსოფლიო რეკორდებითა და მძიმე წონაში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობით ჩაუყარა." - წერს IWF-ის ოფიციალური საიტი.

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში მე-2 შემთხვევაა, როცა მსოფლიოს წლის საუკეთესო ძალოსნის წოდებას ერთი სპორტსმენი ზედიზედ 3-ჯერ იგებს. 2002-04 წლებში ამ შედეგს ირანელმა ჰოსეინ რეზაზადეჰმა მიაღწია.

ჩვენი თანამემამულე კიდევ ერთ უდიდეს რეკორდს უახლოვდება. ძალოსნობის ისტორიაში მხოლოდ 3 ადამიანია, რომელსაც წლის საუკეთესო ძალოსნის წოდება ყველაზე მეტჯერ - 4-ჯერ აქვს მიღებული: ბულგარელ-თურქი - ნაიმ სულეიმანოვი (შემდეგში სულეიმანოღლუ), ირანელი - ჰოსეინ რეზაზადეჰი და ყაზახი - ილია ილინი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები