მამუკელაშვილის ურთულესი Game Winner - სანდრომ „სეტონ ჰოლს
Aa
Aa

მამუკელაშვილის ურთულესი Game Winner - სანდრომ „სეტონ ჰოლს" მოაგებინა!

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და საკუთარ კედლებში AP-ის რეიტინგში 21-ე ნომრად განთესილი „ბატლერი“ 74-72 დაამარცხა.

ქართველ კალათბურთელს „მეკობრეების“ წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვის. მატჩის დასრულებამდე 0.6 წამით ადრე, ანგარიში თანაბარი გახლდათ და შეტევაში „სეტონ ჰოლი“ იყო. თამაში ქუინსი მაკნაითმა განაახლა, რომელმაც მამუკელაშვილს უპასა. სანდრომ კი საფინალო სირენასთან ერთად, ურთულესი ბურთი ჩააგდო და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

 

მატჩის შემდეგ, მამუკელაშვილმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „ბოლო ეპიზოდში მთავარმა მწვრთნელმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი კომბინაცია დახაზა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე გავათამაშეთ. ყველაფერი იდეალურად დასრულდა. გუნდის თავკაცმა სწორი მიმართულება მომცა და ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.

გამარჯვების მომტანი ტყორცნის ჩაგდება საოცარი შეგრძნებაა. მამაჩემმა მატჩზე დასასწრებად 16 საათი იფრინა და შეხვედრას თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა. ის ჩემით ამაყობს და ამაზე მეტს მისთვის ვერაფერს გავაკეთებდი. სასწაული მოხდა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

რა შეიცვალა მეორე ნახევარში? პირველ ტაიმში ბევრი მარტივი ტყორცნა გავაფუჭეთ და შესვენებისას მწვრთნელმა სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი. მან გვითხრა, რომ ყველა ბურთს ვერ ჩავაგდებდით და თამაში ჩვეულ სტილში გაგვეგრძელებინა. მეორე ტაიმში მისი დავალება ზედმიწევნით შევასრულეთ და საბედნიეროდ შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა. 

ბატლერის დამარცხება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ამ გამარჯვებას ქომაგებს ვუძღვნით, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან და ყველა მატჩისას მხარს გვიჭერენ".

Game winning buzzer beater-ის გარდა, „მამუ“ 15 ქულით, 6 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოირჩა. „მეკობრეებს" კი 18 ქულით ქუინსი მაკნაითმა ულიდერა, ხოლო მაილს პაუელმა 16 ქულა ჩააგდო.

 

შეგახსენებთ, რომ „სეტონ ჰოლს“ 19 მოგება და 7 მარცხი აქვს, Big East-ის კონფერენციაში კი 14 შეხვედრიდან 11-ში იმარჯვა. „მეკობრეები“ პირველ ადგილს იკავებენ და მომდევნო მატჩს აუტსაიდერი „სენტ ჯონსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები