უდიდესი სკანდალი! - ყალბი ანგარიშები და ბოტები! - თავდასხმა მესიზე და სხვა მოწინააღმდეგეებზე
Aa
Aa

უდიდესი სკანდალი! - ყალბი ანგარიშები და ბოტები! - თავდასხმა მესიზე და სხვა მოწინააღმდეგეებზე

გავლენიანი ესპანური რადიო Cadena SER-ის ინფორმაციით, ხოსეპ მარია ბარტომეუს სოციალური ქსელებისთვის ე.წ. "ბოტების ქარხანა" აქვს, რომელთა მეშვეობითაც სოციალურ სივრცეს აკონტროლებს.

როგორც რადიოს მიერ გაჟღერდა, "ბლაუგრანას" პირველ პირს კომპანია I3 Ventures-ი დაიქირავა, რომელსაც ყალბი ანგარიშების შექმნა და მათი მეშვეობით შემდეგი ორი რამ დაევალა: 1) ბარტომეუსა და მისი დირექტორთა საბჭოს პოლიტიკის მხარდაჭერა და; 2) საჭიროებისამებრ, ისეთი ფიგურების იმიჯის შელახვა, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში ბარტომეუს რომელიმე კამპანიის, აზრის ან პოლიტიკის წინააღმდეგ წავლენ.

კომპანია I3 Ventures-ის დაქვემდებარებაში ათობით ათასი ყალბი ანგარიშია, რომელთა მეშვეობითაც პერიოდულად ისეთი ვარსკვლავების იმიჯს უტევენ, როგორებიც ლიონელ მესი, ხერარდ პიკე, პეპ გუარდიოლა, ჩავი და კარლეს პუიოლი არიან.

ასევე ისეთი ბიზნესმენები, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც სამომავლოდ, შესაძლოა, პრეზიდენტის არჩევნებში ან სხვა ასპარეზზე, ბარტომეუს კონკურენტები გახდნენ, მაგალითად: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი, აგუსტი ბენედიტო, კიმ ტორა, და MediaPro-ს პრეზიდენტი - ხაუმე როურესი. 

Cadena SER-მა აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც დაადგინა, რომ I3 Venture-ს "ბარსელონას" ანგარიშებიდან 6 სხვადასხვა სახის ინვოისი გამოეწერა და ჯამში დაახლოებით 1 მილიონ ევრომდე თანხა ჩაერიცხა. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ინვოისში მომსახურების აბსოლუტურად სხვადასხვა სახეებია მითითებული.

ასე რომ, "ბარსელონას" პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის შექმნის საკუთარი მეთოდები აქვს და საამისოდ სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებს.

ბუნებრივია, Cadena SER-ის ეს მამხილებელი სიუჟეტი უდიდესი სკანდალის წინაპირობაა და ბარტომეუს კრიტიკის ქარ-ცეცხლში გავლა მოუწევს. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში "ბარსელონამ" განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ყველაფერი უარყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები