Aa Aa
18 იანვარი 2020  |  08:43

გოგას 5 ქულა და 1 მოხსნა - „ინდიანამ" „მინესოტა" საკუთარ კედლებშიც დაამარცხა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიჯრით მეოთხე მოგება გაიფორმა და „მინესოტა ტიმბერვულვზი“ ზედიზედ მეორედ დაამარცხა. ნეით მაკმილანის შეგირდებმა ამჯერად საკუთარ კედლებში იმარჯვეს და მეტოქეს 116-114 სძლიეს.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 10 წუთი და 19 წამი გაატარა, რა დროშიც აქტივში 5 ქულა და 1 მოხსნა ჩაიწერა. ბითაძემ ბურთი 2-ჯერ ჩატენა, ერთი სამიანი გააფუჭა და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. +/- -ის გრაფაში კი +6 დააფიქსირა.

 

„ინდიანას“ ტი ჯეი უორენმა ულიდერა, რომელიც 28 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ჯერემი ლემბმა 18 ქულა დააგროვა, ხოლო მალკოლმ ბროგდონი 12 ქულასა და 10 შედეგიან გადაცემას დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ „მინესოტას“ კარლ-ენტონი თაუნსი დაუბრუნდა, რომელსაც ტრავმის გამო 15 შეხვედრა ჰქონდა გამოტოვებული. 24 წლის ცენტრმა 28 წუთი ითამაშა და გუნდს 27 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.

„ტიმბერვულვზის“ დამარცხების შემდეგ, „ინდიანას“ 27 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთეა. ბითაძე და კომპანია მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს გამართავენ და საკმაოდ რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ზეგ „პეისერსი“ სტუმრად დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები