Aa
Aa

ATP Cup-ის პირველი გამარჯვებული სერბეთის ნაკრები გახდა!

ATP Cup-ის ფინალში ერთმანეთს სერბეთისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ტურნირის ისტორიაში პირველი გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი და მისი ნაკრები გახდა.

სერბებმა პირველი მატჩი მას შემდეგ წააგეს, რაც რობერტო ბაუტისტა-აგუტმა დუშან ლაიოვიჩი ორ სეტში დაამარცხდა, რის შემდეგაც სცენაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოვიდა და მისი როლების ჯერი დადგა.

სერბმა ვარსკვლავმა რაფა ნადალს ჰარდზე ზედიზედ მე-10 თამაში მოუგო. პირველ სეტში „ნოლე“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მეორე პარტიაში კი სუპერდაძაბული ბრძოლა და ტაიბრეიკი ვიხილეთ, თუმცა ჯოკოვიჩმა თამაში მაინც ორ სეტში დაასრულა - 6:2; 7:6.

შესაბამისად, ფინალურ შეხვედრაში ანგარიში 1:1 გახდა და გადამწყვეტი სიტყვა წყვილთა დაპირისპირებას უნდა ეთქვა.

სერბთა მხრიდან კორტზე დაანონსებული წყვილი - ჯოკოვიჩი/ტროიცკი გამოვიდნენ, ესპანელთა შორის კი, ნადალის ნაცვლად, პაბლო კარენო ბუსტას ფელისიანო ლოპესი შეუწყვილდა.

თამაშის მიმდინარეობას სრულად სერბები კარნახობდნენ და საწყის გეიმში ჩაწოდების წაგების მიუხედავად, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ჯოკოვიჩმა და ტროიცკიმ შეხვედრა 6:3; 6:4-ით დაასრულეს და თავიანთ ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოუტანეს.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირის მიმდინარეობისას ექვსივე მატჩი მოიგო - 5-ჯერ ერთეულთა შორის იმარჯვა, წყვილთა შორის კი მხოლოდ ფინალში გადამწყვეტ თამაშზე გამოვიდა.

სერბეთის ნაკრები ტრიუმფამდე, ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 3 მოგებითა და ფლეი-ოფში კანადის, რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებთა დამარცხებით მივიდა. სერბებმა ფინალურ მატჩამდე ყველა შეხვედრა 3:0 მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები