Aa
Aa

ვერატი: „მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელიდან 4 პარი სენ-ჟერმენში თამაშობს"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, მარკო ვერატიმ „სენტ-ეტიენის“ 6-1-ით განადგურების შემდეგ, თანაგუნდელები შეაქო და საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. იტალიელმა ფეხბურთელმა მატჩი Canal +-თან საუბრისას შეაფასა.

„ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან შარშან ამ ტურნირისთვის ბრძოლას სწორედ მეოთხედფინალში გამოვეთიშეთ. თანაც 2020 წელს საკუთარ კედლებში პირველად ვიასპარეზეთ და ამ მატჩს მთელი სერიოზულობით ამიტომაც მივუდექით.

მეორე წუთზე გატანილმა გოლმა და მეტოქე გუნდის მიერ მიღებულმა წითელმა ბარათმა ყველაფერი გაგვიადვილა. საფინალო სასტვენამდე მაქსიმუმს ვაკეთებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ვფიქრობ ძალიან იღბლიანები ვართ, რომ მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელიდან 4 პარი სენ-ჟერმენში თამაშობს. პრაქტიკულად შეუძლებელია რომელიმე მათგანი სათადარიგოთა სკამზე დატოვო და მწვრთნელს სისტემის შეცვლა სწორედ ამიტომ მოუწია“.

ფრანგული გამოცემის მიხედვით ვერატის მხედველობაში პსჟ-ს შემტევი ოთხეული ჰქონდა, რომელშიც მაურო იკარდი, ანხელ დი მარია, ნეიმარი და კილიან მბაპე შედიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები