Aa Aa
5 იანვარი 2020  |  14:27

Mundo Deportivo: ნადალი საქართველოს ნაკრების ყველა წევრს სათითაოდ მიესალმა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები მისთვის ისტორიულ ATP Cup-ის გათამაშებაში ჩაება, რომელსაც 3-დან 12 იანვრის ჩათვლით ავსტრალია მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ესპანეთს დაუპირისპირდა. გახსნითი შეხვედრა ალექსანდრე მეტრეველსა და რობერტო ბაუტისტა აგუტს შორის შედგა, რომელიც ესპანელის გამარჯვებით 6:0, 6:0 დასრულდა.

მეორე და რა თქმა უნდა მთავარი ჯახი რაფაელ ნადალსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის შედგა, რომელიც ესპანელის გამარჯვებით 6:3, 7:5 დასრულდა.

ბასილაშვილმა ოპერაციის შემდეგ, საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარეზა და ნადალისგან შექებაც დაიმსახურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რაფა მოულოდნელად საქართველოს ნაკრების წევრებისკენ წავიდა და მათ სათითაოდ მიესალმა. ამ ჟესტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მსოფლიოში ის ძალიან დადებითად შეფასდა. ნადალის ქმედებას გამოეხმაურა ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo:

„ნადალმა ბასილაშვილს კარგი თამაში მიულოცა, მას შემდეგ რაც ის 6:3, 7:5 დაამარცხა. 27 წლის ქართველ ჩოგბურთელს (26-ე ჩოგანი), მან უკვე მეოთხედ მოუგო.

გამარჯვების შემდეგ, ნადალი თავისი კუთხისკენ არ წასულა. ახალ ტურნირზე გუნდებს თავიანთი კუთხე აქვთ, სადაც ნაკრების წევრები სხედან.

ის ბასილაშვილის მხარეს წავიდა, საქართველოს ნაკრების ყველა წევრს სათითაოდ მიესალმა. პატარა ქვეყანას ჩოგბურთის სამყაროში, რომელიც ATP Cup-ზე თავიანთი ნომერ პირველი ჩოგბურთელის (ბასილაშვილი) დამსახურებით მოხვდა“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები