ლინგარდი:
Aa
Aa

ლინგარდი: "ჩემს საყვარელ ადამიანებს პრობლემები ჰქონდათ და ეს მე მანადგურებდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა, ჯესი ლინგარდმა ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინგლისელმა შემტევმა მოედნის მიღმა არსებულ პრობლემებზე, რომელთა გამოც, ფეხბურთს გულს ვერ უდებდა, საჯაროდ პირველად ისაუბრა.

"ზოგადად ძალიან მხიარული ადამიანი ვარ და მაქსიმუმს ვაკეთებ, რათა სხვებიც გავაბედნიერო, თუმცა ბოლო პერიოდში მოღუშული და განადგურებული ვიყავი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს, მხრებზე უდიდესი ტვირთი დამაწვა და ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული.

დედაჩემი წლებია ავადმყოფობას ებრძვის, მაგრამ სათანადო დახმარება არასდროს მიუღია. ამჟამად ყველაფერი სხვანაირადაა და ამიტომ ჩემს ძმასა და დას მე ვუვლი. მათ უმძიმესი პერიოდი გამოიარეს და ჩემთვის ძალიან რთული იყო ჩემი საყვარელი ადამიანების გაჭირვების ნახვის შემდეგ, საქმე ხუთიანზე შემესრულებინა და ფეხბურთი უმაღლეს დონეზე მეთამაშა.

კვირების განმავლობაში კლუბში ჩემი პრობლემების შესახებ არავისთან მისაუბრია, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არის მომენტები, როცა სხვების დახმარება აუცილებელია. საშინლად ვთამაშობდი და ოლე გუნნარ სულშერი ჩემგან ყოველთვის უფრო მეტს მოითხოვდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ოლესთვის ყველაფერი მეთქვა და ჩემი ტკივილი გამეზიარებინა. ჩემს საყვარელ ადამიანებს პრობლემები ჰქონდათ და ეს მე მანადგურებდა"...

ნორვეგიელ სპეციალისტთან საუბრის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ლინგარდს განსაკუთრებით ერთი მომენტი დაამახსოვრდა, როცა "ბრაიტონთან" მატჩში სულშერმა ცვლილებაზე შეიყვანა.

"როცა მწვრთნელთან მივედი, მან მითხრა: "უბრალოდ მოედანზე შედი, გაიღიმე და ფეხბურთით ისიამოვნე". მისმა სიტყვებმა თავდაჯერებულობა შემმატა. ოლემ ზუსტად იცის რა ხასიათი მაქვს და მშვენივრად მოეხსენება, რომ ჩემთვის ღიმილი აუცილებელია. მან მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და იმ დროს სწორედ ის ადამიანი მჭირდებოდა, რომელიც ამას მეტყოდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები