Aa
Aa

"რა უნდა მექნა"? - იტალიური კლუბიდან მწვრთნელი 27:0 მოგების შემდეგ გაათავისუფლეს

იტალიის ბავშვთა ერთ-ერთ ლიგაში "ინვიკტასაურომ" საფეხბურთო კლუბ "მარინას" გუნდი 27:0 დაამარცხა, რასაც გამარჯვებული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

"ინვიკტასაუროს" პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც აღნიშნა, რომ ბავშვთა ფეხბურთში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და მწვრთნელის გაშვების მიზეზი სწორედ მეტოქის უპატივცემულობა გახდა.

"გაოგნებული და შეშფოთებულები ვიყავით, როცა გავიგეთ, რომ ჩვენმა ბავშვთა გუნდმა საფეხბურთო კლუბ "მარინას" თანატოლებს 27:0 მოუგეს. ასაკობრივ ფეხბურთში ეს არაეთიკურია, მეტოქეს პატივი უნდა სცე, რაც ამ შემთხვევაში ასე ნამდვილად არ ყოფილა.

როგორც პრეზიდენტი, მეტოქე გუნდს გულწრფელად ბოდიშს ვუხდი და შემიძლია განვაცხადო, რომ დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმების შედეგად, ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი თანამდებობას დატოვებს.

ჩვენთან მწვრთნელებს აქვთ ვალდებულება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ავარჯიშონ, თუმცა, ამავდროულად, მათ დამწყებ მოთამაშეებს განათლებაც უნდა მისცენ. ამ მატჩში კი მსგავსი მაგალითი ნამდვილად ვერ ვნახეთ". - აცხადებს "ინვიკტასაუროს" პრეზიდენტი, პაოლო ბროჯელი.

საკუთარ დათხოვნასთან დაკავშირებით კომენტარი "ინვიკტასაუროს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო რიჩინიმაც გააკეთა.

"რა უნდა მექნა? ჩემი ბიჭებისთვის მეთქვა, რომ მეტოქისთვის გოლის გატანის საშუალება მიეცათ? ის უფრო სამარცხვინო იქნებოდა, ბურთი დაგვეჭირა და ის მთელი მატჩის განმავლობაში წინ და უკან გვეგორებინა. 

პირველი 10 წუთის შემდეგ 6:0-ს ვიგებდით, პირველი ტაიმის შემდეგ კი მეტოქის მწვრთნელთან მივედი და ვკითხე, თამაში ხომ არ შეგვეწყვიტა, რაზეც მიპასუხა, რომ ეს საჭირო არ იყო".

ხსენებული მატჩისას "ინვიკტასაუროს" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა 7 გოლი გაიტანა, მისმა ორმა თანაგუნდელმა კი 6-6 ბურთი შეაგდო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები