Aa
Aa

ტიმმა შემაჯამებელი ფედერერის დამარცხებით დაიწყო

ლონდონში მამაკაც ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. საქმეში ჯერ B ჯგუფის წარმომადგენლები ვიხილეთ, სათამაშო დღე კი ნოვაკ ჯოკოვიჩმა და მატეო ბერეტინიმ გახსნეს.

1978 წლის შემდეგ ბერეტინი პირველი იტალიელია, რომელმაც შემაჯამებელი ტურნირის საგზური მოიპოვა. თუმცა, აპენინელს საშინელი დებიუტი გამოუვიდა.

წლის პირველი ჩოგნის სტატუსით დასასრულებლად, ჯოკოვიჩს მინიმუმ ფინალამდე გასვლა სჭირდება, რა შემთხვევაშიც ყველაფერი უკვე ნადალის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. თუკი „ნოლემ“ სეზონი რეიტინგის პირველ ადგილზე დაასრულა, ეს მეექვსედ მოხდება და პიტ სამპრასის რეკორდს გაიმეორებს.

ჯოკოვიჩი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და არანაირი პრობლემა არ ჰქონია. სერბმა თამაში საათსა და 4 წუთში, 6:2; 6:1-ით დაასრულა და ტურნირი იოლი გამარჯვებით დაიწყო.

დღის მეორე და გაცილებით დაძაბული მატჩი როჯერ ფედერერსა და დომინიკ ტიმს შორის ჩატარდა.

ტიმმა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ვენის ტურნირი მოიგო, თამაშის სასურველ რიტმში წარმართვა შეძლო. ავსტრიელმა ორივე პარტია 7:5 მოიგო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის ავსტრიელმა ლეგენდარულ შვეიცარიელს მიმდინარე სეზონში სამივე ურთიერთშეხვედრაში აჯობა. მათგან ერთ-ერთი ინდიან უელსის მასტერსის ფინალური მატჩი გახლდათ.

ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ ჯოკოვიჩსა და ტიმს თითო-თითო მოგება აქვთ, ფედერერმა და ბერეტინიმ კი საქმე საგრძნობლად გაირთულეს. მეორე ტურში ჯოკოვიჩი - ფედერერის, ხოლო ტიმი ბერეტინის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები