“ყველა თამაში უნდა მოვიგოთ“ - უნგრეთის მეკარე ერთა ლიგის მატჩების წინ
როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე უნგრეთია.
დღეს, უნგრეთის ნაკრებისა და „ბლექბერნ როვერსის“ მეკარემ, ბალაშ ტოტმა ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნგრეთის მიზანი ოთხივე მატჩის მოგებაა.
„ძალიან რთული მატჩები გველოდება, რადგან ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში, თუმცა ჩვენი მიზანი ოთხივე შეხვედრის მოგებაა. ვფიქრობ, უნგრეთი, საქართველო და უკრაინა დაახლოებით ერთ დონეზე არიან. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩრდილოეთ ირლანდიაზე ძლიერ გუნდად მივიჩნევთ საკუთარ თავს.
თუმცა ეს ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი მაიკლ ო’ნილი „ბლექბერნში“ ჩემი მწვრთნელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად მომზადებულ და ძლიერ გუნდს შექმნის.
ჩვენი მთავარი მიზანი A ლიგაში დაწინაურებაა. შესაბამისად, თითოეულ მატჩს ერთნაირი განწყობით მივუდგებით, რადგან ჯგუფის მოგების რეალური შანსი გვაქვს“,
– განაცხადა ტოტმა.
ცნობისთვის, უნგრეთისა და საქართველოს პირველი დაპირისპირება 2 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.