მაგარი ამბავი: სალია ნიუკასლის სამატჩო განაცხადშია
ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში ნიუკასლი ჰალ სიტის უმასპინძლებს. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.
„კაჭკაჭების'' გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა მათიას იაისლემ სამატჩო განაცხადში სარეზერვო გუნდის 4 ფეხბურთელი შეიყვანა: კირან ტომპსონი, ვახტანგ სალია, მაიკლ მილსი და მიოდრაგ პივაში.
ქართველი ტალანტი ვახო სალია პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა, სარეზერვო გუნდში შედეგიანი თამაში დაუფასდა. 19 წლის ფეხბურთელმა 2026-27 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ყველა ტურნირის ჩათვლით „ნიუკასლის'' 21-წლამდე გუნდში 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა (4 საგოლე მოქმედება). პრემიერლიგის 21-წლამდე ჩემპიონატში „ტოტენჰემს'' გაუტანა, ნაციონალური ლიგის თასზე „ტამუორთს'' თავით გაუტანა და ამავე მატჩში საგოლე პასი შეასრულა, შემდეგ კი „იორკ სიტის'' შეუგდო, რომელიც ინგლისის რანგით მე-4 ლიგაში გამოდის.
2025 წლის ზაფხულიდან სალია „ნიუკასლის'' ფეხბურთელია, გასული სეზონი ტრავმებს გამო გაუცდა, ამ სეზონში კი შესანიშნავ ფორმაშია.
„ნიუკასლის'' 21-წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობი სტოკდეილმა ვახო სალიაზე ვრცლად ისაუბრა:
„ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა,“ - უთხრა სტოკდეილმა Chronicle Live-ს. „სიმართლე რომ ვთქვათ, მას ჩვენთან ძალიან რთული დასაწყისი ჰქონდა, რადგან პირველ ორ კვირაში ბარძაყის უკანა კუნთის საკმაოდ სერიოზული გაწყვეტა მიიღო. ამას ოპერაცია დასჭირდა და ვფიქრობ, ამის გამო თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ გრძნობდა.
ასე რომ, ის ჩვენთან ფორმაში ნელ-ნელა შევიდა. ახლა უკვე ტემპს კრეფს. ვფიქრობ, 100 პროცენტით მზად ჯერ კიდევ არ არის და მისგან კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდოთ. მიმაჩნია, რომ მას ცოტა მეტი სიმწვავის შეტანა კიდევ შეუძლია, მაგრამ მას ხომ ნამდვილად აქვს მაღალი ხარისხი, არა? როცა მან მეტოქის ნახევარზე ბურთი ჩაჭრა, მაშინვე ვიფიქრე, რომ გაიტანდა. სწორედ ამას ვხედავთ ხოლმე ვარჯიშებზე ძალიან ხშირად.“
მიმდინარეობს განახლება