Aa
Aa

"მილანი" კესის გასხვისებას აპირებს

„მილანის“ ხელმძღვანელობა იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ფრანკ კესის გაყიდვას გეგმავს, მის შემცვლელად კი ორი კანდიდატურის შესახებ უკვე იწერება.

Sport Mediaset-ის ცნობით, „როსონერი“ ივან რაკიტიჩისა და როდრიგო დე პაულის დამატებაზე ფიქრობს, რისთვისაც კესის ტრანსფერში მიღებულ თანხას გამოიყენებს.

ლომბარდიელები თავიანთი კოტ დ’ივუარელი შუახაზელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ, ფეხბურთელის შეძენით კი რამდენიმე ინგლისური კლუბი, მათ შორის „ვულვზი“ ინტერესდება. „მგლებს“ კესის გადაბირება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისასაც სურდათ.

რაც შეეხება რაკიტიჩისა და დე პაულის „სან სიროზე“ შესაძლო გადასვლას, ხორვატის თამაშით მისივე თანამემამულე ზვონიმირ ბობანია აღფრთოვანებული. მილანელთა სპორტული დირექტორი ტრანსფერის მთავარი ინიციატორია და მოლაპარაკებებში აქტიურად ჩართვას აპირებს. თუმცა, რაკიტიჩს „ინტერიც“ ეპატიჟება და მისი დაყოლიება იოლი საქმე არ იქნება.

დე პაულმა კი „უდინეზესთან“ ახალი კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გააფორმა. ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა გაწერილი, შესაბამისად, არგენტინელის მსურველ კლუბს სულ მცირე 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები