31 ივლისს, „მილანის“ ლეგენდარული მცველი, ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა. კლუბისა და ზოგადად იტალიური ფეხბურთის ნამდვილი ხატი. ადამიანი, რომელმაც მთელი კარიერა ერთ გუნდში ითამაშა და ბევრისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა.
ბარეზი ჩრდილოეთ იტალიაში, ბრეშასთან ახლოს, ტრავალიატოში დაიბადა. მისი ოჯახი ფერმის სახლში ცხოვრობდა, რომელსაც ხუთ სხვა ოჯახთან იყოფდა.
ბარეზის ოთახები ბოსლების გვერდით მდებარეობდა, სადაც ძროხების ჯოგი ჰყავდათ. ბავშვობაში ფრანკო მათ წველიდა და საძოვარზე მიჰყავდა. ფრანკო ფერმის ეზოში, ძმებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა და ამას ფეხშიშველი აკეთებდა, რათა ერთადერთი წყვილი ფეხსაცმელი არ გაეფუჭებინა. ბურთიც მთელ ფერმაში მხოლოდ ერთი იყო, ამიტომ ფრანკო მას გამხმარი ღორის ტყავით აპრიალებდა, რათა ის უფრო დიდხანს შენახულიყო.
სახლში ტელევიზორი არ იყო, ამიტომ ბარეზის ოჯახი ხშირად რადიომიმღების გარშემო იკრიბებოდა. ბუნებრივია, საფეხბურთო რეპორტაჟებს უსმენდნენ. 60-იან წლებში „ინტერმა“ და „მილანმა“ ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში, ჯამში, ხუთჯერ ითამაშეს. ძმები ბარეზების — ფრანკოსა და ჯუზეპეს ცხოვრება მღვდელს, დონ პიეროს წყალობით მკვეთრად შეიცვალა. მას თავში აზრად მოუვიდა, ადგილობრივი ბიზნესმენის, მარიო ვერზელეტის მხარდაჭერით, სამრევლო საფეხბურთო კლუბი ჩამოეყალიბებინა.

მოგვიანებით ჯუზეპე „ინტერში“ წაიყვანეს, ფრანკო კი „მილანში“. „ნერაძურიში“ უმცროსი ბარეზის დანახვა არ სურდათ. იქ მიაჩნდათ, რომ ფრანკო ფიზიკური თვალსაზრისით მზად არ იყო. მან „მილანის“ აკადემიაში პირველი გამოცდა ვერ ჩააბარა, მაგრამ დონ პიერომ და ვერზელეტიმ კლუბი დაარწმუნეს, სამრევლო გუნდთან ამხანაგური მატჩი გაემართათ. ეს „მილანის“ ბაზაზე, სოფლად გააკეთეს. გარემომ ბარეზის სახლი გაახსენა. ის დამშვიდდა, გოლი გაიტანა და მთელი თავისი ნიჭი წარმოაჩინა.
„მილანმა“ არჩევანი ფრანკოს სასარგებლოდ გააკეთა და არც შემცდარა. ბარეზიმ მთელი კარიერა მხოლოდ ერთი კლუბის შემადგენლობაში გაატარა. დღევანდელი საზომით ეს ფანტასტიკის სფეროდანაა. 716 მატჩი, 33 გოლი, 6 საჩემპიონო ტიტული სერია A-ში, ევროპის ჩემპიონთა სამი თასი/ჩემპიონთა ლიგა, „მილანის“ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის წოდება.
ფრანკომ კაპიტნის სამკლაური მაშინ ჩაიბარა, როცა მხოლოდ 22 წლის იყო. ბარეზი ფეხბურთს 1997 წელს, აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდეგ დაემშვიდობა. „მილანის“ პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ ფეხბურთელს სიმბოლური „ოქროს ბურთი“ გადასცა, „მილანში“ მისი მეექვსე ნომერი ხმარებიდან ამოიღეს.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბარეზის ბედი იტალიის ნაკრებში. ფრანკო 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა ტურნირზე არცერთი წუთი არ უთამაშია. 1986 წელს მცველი განაცხადში სამწვრთნელო შტაბთან უთანხმოების გამო არ შეიყვანეს, მაგრამ ბარეზიმ მაინც ითამაშა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე. 1990 წლის ჩემპიონატზე, იტალიის ნაკრებს ფინალამდე 1 ნაბიჯი დააკლდა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ამ ტურნირის შემდეგ ბარეზი ეროვნული გუნდის კაპიტანი გახდა.
1994 წლის ტურნირი გამოცდილი მცველისთვის დრამატულად წარიმართა. ჯერ ერთი, ფრანკომ ნორვეგიასთან ჯგუფური ეტაპის მატჩში (1:0) მენისკი დაიზიანა. ბარეზის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსები 1%-ით ფასდებოდა იმ პირობით, თუ იტალია ფინალში გავიდოდა. მთავარმა მწვრთნელმა არიგო საკიმ პირობა დადო, რომ ფეხბურთელს მოედანზე ორი პირობის შემთხვევაში გამოიყვანდა. პირველი: იტალია გადის ფინალში. მეორე: ბარეზი ტრავმას იშუშებს. ტრავმიდან 23 დღის შემდეგ ფრანკომ ფინალში ითამაშა.
ბარეზიმ დაცვაში უნაკლოდ იასპარეზა და მისი აზრით, ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. დამატებითი დროის ბოლო წუთებზე ვეტერანს კრუნჩხვები დაეწყო, მაგრამ ბოლომდე გაძლო. შემდეგ კი პენალტების სერიაში დასარტყმელად პირველი მივიდა. სამწუხაროდ, ლეგენდარულმა მცველმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და დარტყმა გააფუჭა.
„მოედანზე ჩემი გამოყვანისას საკიმ არ იცოდა, რამდენ ხანს გავძლებდი. მე სიმამაცე გამოვიჩინე და კარიერაში საუკეთესო თამაში ვაჩვენე, სულ მცირე, ნაკრების შემადგენლობაში. მაგრამ ფინალში პირველად ვიღაცას ხომ უნდა დაერტყა, ამიტომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გადაწყვეტილად წავედი. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში მარცხნივ დარტყმა გადავიფიქრე, კარი ჩემთვის პაწაწინა გახდა, მეკარე ტაფარელი უზარმაზარი და დარტყმაც არ გამომივიდა“ - იხსენებდა მოგვიანებით ბარეზი.

კარიერის დასრულების შემდეგ, ფრანკომ „ფულჰემში“ ცოტა ხნით სპორტულ დირექტორად იმუშავა. იტალიელმა ეს თანამდებობა მწვრთნელ ჟან ტიგანასთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა. გარდა ამისა, ბარეზი „მილანის“ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ავარჯიშებდა. მოგვიანებით კლუბმა ლეგენდა საპატიო ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.
2025 წელს ცნობილი გახდა, რომ ფრანკომ ფილტვში კვანძის ამოკვეთის ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც ონკოლოგმა ექს-ფეხბურთელს აღდგენითი მკურნალობა დაუნიშნა.
მიმდინარე წლის თებერვალში, იტალიაში თამაშების გახსნის ცერემონიაზე, ბარეზი ოლიმპიური ცეცხლის ერთ-ერთი მეჩირაღდნე იყო. ის ამ ფუნქციას „ინტერის“ ყოფილ მცველ ჯუზეპე ბერგომისთან ერთად ასრულებდა.
ფრანკო 31 ივლისს გარდაიცვალა, რის შემდეგაც „მილანმა“ სპეციალური მიმართვა გაავრცელა:
„ადვილი არ არის, ჩვენი გულისცემის, ჩვენი ერთ-ერთი სუნთქვის დაკარგვის შესახებ შეგატყობინოთ, თუმცა მთელი „მილანი“ და კლუბის ყველა გულშემატკივარი უნდა ეცადოს, რომ ფრანკო ბარეზის სტანდარტებს გაუტოლდეს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ და მოვიკრიბოთ ძალა, ამ ღრმად დამამწუხრებელი მომენტით გამოწვეული ცრემლებისა და ემოციების დროსაც კი... ფრანკომ დაგვტოვა. ჩვენგან წავიდა მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე თვის წინ, სავსე სტადიონზე, თავისი ბოლო შესანიშნავი და საამაყო კადრი დაგვიტოვა მილანის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიიდან, რომელიც მან ისტორიულად აქცია. მილანის მთელი ისტორია ცრემლებშია ფრანკო ბარეზის გარდაცვალების გამო. მისი სამაგალითოობა და სულიერი სიწმინდე კლუბის დნმ-ში სამუდამოდ დარჩება, ისევე როგორც მისი საკულტო 6-ნომრიანი მაისური. სამძიმარს, რომელსაც მილანი ფრანკო ბარეზის ოჯახს უცხადებს, უერთდება თითოეული „როსონერი“, რომელიც ამ დანაკარგს საკუთარ ტკივილად აღიქვამს. მოდით, ყველამ პატივი მივაგოთ ფრანკოს უზარმაზარ ხსოვნას და ვიცოდეთ, რომ ჩვენი როსონერული ცხოვრების თითოეულ მომენტში ის ყოველთვის ხელს ჩაგვკიდებს და დამატებით მოტივაციას მოგვცემს. სამუდამოდ! რადგან ბარეზი სამუდამოა!“.
