სალია: ვეცდები, პრემიერლიგაში ვითამაშო და ქართველი ხალხი გავახარო
საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბერძენ თანატოლებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ „ნიუკასლისა'' და 21-წლამდე ნაკრების შემტევმა ვახო სალიამ თამაში შეაფასა.
„თამაში თავიდან ძალიან ცუდად დავიწყეთ, ვცდილობდით თამაშის შემობრუნებას, მაგრამ არ გამოგვივიდა. ამისთვის ქართველ გულშემატკივარს ჩემი და მთელი გუნდის სახელით ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი. ვეცდებით, რომ მომდევნო ორ მატჩში თამაში გამოვასწოროთ.
რაც შეეხება ჩემს სათამაშო ფორმას, ჯერ ასი პროცენტით მზად არ ვარ, მაგრამ ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რომ ფორმაში მალე შევიდე. მაქვს სათამაშო დრო „ნიუკასლის'' 21-წლამდელთა გუნდში, პირველ გუნდში სკამზე ვიყავი. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რომ პირველ გუნდში სათამაშო დრო მივიღო.
ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლისას რამდენიმე დაჭიმული კუნთი მქონდა. თამაშის დროს დაჭიმულობა ვიგრძენი და ვთხოვე, რომ 70 წუთზე მეტი არ მეთამაშა, რათა მომდევნო მატჩებისთვის არ გამერისკა. ჩემი აზრით, სერიოზული არაფერია''.
სალია სვანაძის ეროვნულ ნაკრებში დანიშვნაზე: „დიდი სიამოვნებით გავყვებოდი რამაზ სვანაძეს ეროვნულ ნაკრებში. ჩემი ოცნება სწორედ ეროვნულ ნაკრებში თამაშია და იმედია, ჩემი დრო მალე მოვა''.
მიმდინარე სეზონში შედგება თუ არა მისი დებიუტი პრემიერლიგაში, ამ თემაზე სალიამ აღნიშნა: „ერთდროულად ჩემზეც არის დამოკიდებული და თან არც არის. ვეცდები ყველაფერი გავაკეთო, რომ პირველ გუნდში სასტარტოდან თუ არა, სკამიდან მაინც შევიდე და ქართველი გულშემატკივარი გავახარო''.
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა. დილით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის, მას რამაზ სვანაძე შეცვლის, რომელიც 21-წლამდე ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზეც კარგად ითამაშეს და მერვედფინალამდე გააღწიეს, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდნენ. სვანაძის დებიუტი ორშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინელებთან საშინაო მატჩში შედგება.
დარჩენილ ორ გასვლით მატჩში 21-წლამდე ნაკრებს გიორგი ადამია უხელმძღვანელებს, ჩრდილოეთ ირლანდიასთან (პირველი ოქტომბერი) და გერმანიასთან (6 ოქტომბერი).