მოდრიჩი: “ვგრძნობ, რომ მილანი რეალის დონეზეა“
ლუკა მოდრიჩმა „მილანთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასული სეზონის იმედგაცრუებული დასასრულის მიუხედავად, კლუბიდან წასვლაზე სერიოზულად არასდროს უფიქრია.
ხორვატმა ნახევარმცველმა Milan TV-სთან საუბრისას „იუვენტუსთან“ მატჩში მიღებული ტრავმაც გაიხსენა, რომელმაც სეზონის ბოლო პერიოდი გაურთულა:
„არასდროს მიფიქრია, რომ ეს „მილანის“ მაისურით ჩემი ბოლო მატჩი იქნებოდა. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ გაგრძელება მინდოდა, თუმცა ამავდროულად სხვა საკითხებიც უნდა გამეთვალისწინებინა, რომლებიც ამის შესაძლებლობას მომცემდა. ახლა აქ ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი.“
ზაფხულში „მილანის“ დამოკიდებულებამ და კლუბის ახალმა პროექტმა ხორვატი საბოლოოდ დარჩენაში დაარწმუნა. მოდრიჩის თქმით, კლუბმა მას დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი გუნდისთვის:
„„მილანმა“ დამანახა, რამდენად ზრუნავდა ჩემზე და რომ ამ ახალი პროექტის ნაწილი ვიყავი. სწორედ ამის მოსმენა მჭირდებოდა და ეს იყო ის, რაც მინდოდა. ოჯახთან ერთად ვისაუბრე და დარჩენა გადავწყვიტე.“
მოდრიჩმა „მილანი“ თავის ყოფილ გუნდს მადრიდის „რეალსაც“ შეადარა და აღნიშნა, რომ ორივე კლუბს განსაკუთრებულად მიიჩნევს:
„მსოფლიოში უდიდეს კლუბში, მადრიდის „რეალში“ ვთამაშობდი, მაგრამ ვგრძნობ, რომ „მილანი“ იმავე დონეზეა. ვინც „მილანზე“ საუბრობს, ამას სხვა კლუბებისგან განსხვავებულად აკეთებს. როცა აქ მოდიხარ, ხვდები, რატომაც არის ასე — ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მას განსაკუთრებულს იქ მომუშავე ადამიანები და გულშემატკივრები ხდიან.“
ხორვატმა ფეხბურთელმა „როსონერის“ ქომაგებსაც მიმართა:
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემი აქ მოსვლის დღიდან ვგრძნობ. გულშემატკივრებს ვთხოვ, ჩვენ გვერდით დარჩნენ და მხარი დაუჭირონ ჩვენს პროექტს. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც თქვენ იმსახურებთ. გვინდა, რომ ჩვენით იამაყოთ და შესანიშნავი სეზონი გვქონდეს.“
შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ნახევარმცველმა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად მილანის მაისური 37-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.