ფრანკო ბარეზი
Aa
Aa

ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. „როსონერიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საფეხბურთო სამყაროს მომხდარის შესახებ აცნობა.

„ადვილი არ არის, ჩვენი გულისცემის, ჩვენი ერთ-ერთი სუნთქვის დაკარგვის შესახებ შეგატყობინოთ, თუმცა მთელი „მილანი“ და კლუბის ყველა გულშემატკივარი უნდა ეცადოს, რომ ფრანკო ბარეზის სტანდარტებს გაუტოლდეს.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ და მოვიკრიბოთ ძალა, ამ ღრმად დამამწუხრებელი მომენტით გამოწვეული ცრემლებისა და ემოციების დროსაც კი... ფრანკომ დაგვტოვა. ჩვენგან წავიდა მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე თვის წინ, სავსე სტადიონზე, თავისი ბოლო შესანიშნავი და საამაყო კადრი დაგვიტოვა მილანის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიიდან, რომელიც მან ისტორიულად აქცია.

მილანის მთელი ისტორია ცრემლებშია ფრანკო ბარეზის გარდაცვალების გამო. მისი სამაგალითოობა და სულიერი სიწმინდე კლუბის დნმ-ში სამუდამოდ დარჩება, ისევე როგორც მისი საკულტო 6-ნომრიანი მაისური. სამძიმარს, რომელსაც მილანი ფრანკო ბარეზის ოჯახს უცხადებს, უერთდება თითოეული „როსონერი“, რომელიც ამ დანაკარგს საკუთარ ტკივილად აღიქვამს.

მოდით, ყველამ პატივი მივაგოთ ფრანკოს უზარმაზარ ხსოვნას და ვიცოდეთ, რომ ჩვენი როსონერული ცხოვრების თითოეულ მომენტში ის ყოველთვის ხელს ჩაგვკიდებს და დამატებით მოტივაციას მოგვცემს. სამუდამოდ! რადგან ბარეზი სამუდამოა!“, — ნათქვამია განცხადებაში.

ფრანკო ბარეზი „მილანის“ ღირსებას 20 წლის განმავლობაში იცავდა და „როსონერის“ მაისურით 700-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. „მილანთან“ ერთად მან უამრავი ტიტული მოიგო და FourFourTwo-ს მიხედვით, ყველა დროის 100 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგში ის 22-ე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი რამ არასდროს გამომიცდია“ | ჟალგირისის მწვრთნელის კომენტარი დინამოსთან მატჩზე
„ასეთი რამ არასდროს გამომიცდია“ | ჟალგირისის მწვრთნელის კომენტარი დინამოსთან მატჩზე