თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„ასეთი რამ არასდროს გამომიცდია“ | ჟალგირისის მწვრთნელის კომენტარი დინამოსთან მატჩზე

„დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჟალგირისთან“ დამარცხდა. თემურ ქეცბაიას გუნდმა პირველი შეხვედრა 3:0 მოიგო, თუმცა განმეორებით მატჩში 2:7 განადგურდა და ორი მატჩის ჯამში 5:7 წააგო.

7:2 მოგებული მატჩის შემდეგ „ჟალგირისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრიუს სკერლამ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა და კომენტარი გააკეთა: „აქამდე მსგავსი არასდროს არაფერი გამომიცდია. ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საღამოა. როგორც მწვრთნელს, მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია.

ძალიან ცოტა ადამიანს სჯეროდა, რომ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მგონი, ბევრი ადამიანი დასასვენებლად მიდიოდა და ბილეთებიც ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ მათი გაუქმება მოუწიათ, რადგან მომდევნო ორ კვირაში კიდევ ორი შეხვედრა გველოდება.

თბილისში გამართული მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავით. ყველამ ნახეთ, რომ სერიოზული შეცდომები დავუშვით, თუმცა დღეს, ჩვენი საოცარი გულშემატკივრების დახმარებით, ფეხბურთელებმა შთამბეჭდავი ხასიათი და ენთუზიაზმი აჩვენეს. სიტყვები არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ.

პირველივე წუთიდან ბურთს კარგად ვაკონტროლებდით. ვნახეთ, რომ მეტოქეს მოედნის საფართან შეგუება უჭირდა და ბურთს ხშირად კარგავდა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს უკვე მომდევნო ეტაპზე ფიქრობდნენ, ჩვენ კი ბოლომდე კონცენტრირებული ვიყავით. როდესაც მეხუთე გოლი გავიტანეთ, მჯეროდა, რომ მეტი შეგვეძლო და დამატებითი დროის დანიშვნა საჭირო არ იქნებოდა. ზუსტად ეს მოხდა.

მატჩის შემდეგ „დინამოს“ სათადარიგოთა სკამზე მივედი. მინდოდა, თემურ ქეცბაიასთვის ხელი ჩამომერთმია და დავმშვიდობებოდი, მაგრამ ის იქ აღარ იყო... მხოლოდ ასისტენტები და კლუბის პერსონალის წევრები დამხვდნენ. მისი მესმის. ვიცი, რა რთულია ასეთი წაგების მიღება, თუმცა სამწვრთნელო კარიერისას ეს ხდება ხოლმე“.

ცნობისთვის, „ჟალგირისი“ მომდევნო ეტაპზე „ჰაიდუკს“ დაუპირისპირდება, რომელიც ევროპა ლიგაზე „პაფოსთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A-ში თამაში ჩემი ოცნება იყო“ | უდინეზემ ჩაკვეტაძე წარადგინა
„სერია A-ში თამაში ჩემი ოცნება იყო“ | უდინეზემ ჩაკვეტაძე წარადგინა