„სერია A-ში თამაში ჩემი ოცნება იყო“ | უდინეზემ ჩაკვეტაძე წარადგინა
„უდინეზემ“ გიორგი ჩაკვეტაძე წარადგინა. ქართველმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ სერია A-ში თამაში მისი ოცნება იყო.
თავს როგორ გრძნობს
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და იტალიაში ვითამაშებ. სერია A-ში გადმოსვლა და თამაში ჩემი ოცნება იყო. „უდინეზე“ დიდი კლუბია, მდიდარი ისტორიით. „უდინეზეს“ მაისურის ტარება ჩემთვის დიდი პატივია“.
კრიშტიანუ რონალდუს მაისური ევრო 2024-ზე
„მისი მაისური ყველას გვინდოდა, თუმცა კვარა მათ გასახდელში შევიდა და მაისური მიიღო. მეც მინდოდა, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა“.
ტექნიკურ დირექტორზე, ჯანლუკა ნანიზე
„მე და ნანის კარგი ურთიერთობა გვაქვს. „უოტფორდში“ ყოფნისას „უდინეზეზე“ ხშირად ვლაპარაკობდით. მითხრა, რომ ჩემი მომავლისთვის კარგი იქნებოდა, თუ „უდინეზეში“ გადავიდოდი და დიდი კლუბების წინააღმდეგ ვითამაშებდი“.
რომელ პოზიციაზე გრძნობს თავს ყველაზე კარგად
„ჩემი საყვარელი პოზიცია 10-იანია, თავდამსხმელის უკან. მარცხენა და მარჯვენა გარემარბად თამაშიც შემიძლია, თუმცა მარცხნივ უფრო უკეთესად ვგრძნობ თავს. რვიანზეც შემიძლია ვითამაშო“.
ფიზიკურად თავს როგორ გრძნობს
„სარეაბილიტაციო პერიოდი ძალიან კარგად მიმდინარეობს და თავდაუზოგავად ვმუშაობ, რათა გუნდს რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდე. რამდენიმე დღეში სირბილი შემეძლება, რამდენიმე კვირაში კი ვარჯიშს განვაახლებ“.
რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა შთაბეჭდილება
„ძანიოლო ძალიან მომწონს. კარგი და ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია და დრიბლინგიც გამოსდის. ჩვენი მცველი, სოლეც მომწონს. „უდინეზეს“ კარგი ფეხბურთელები ჰყავს“.
რა იცის იტალიის ჩემპიონატზე
„როდესაც კვარა სერია A-ში თამაშობდა, ბევრ მატჩს ვუყურებდი. აქ თამაში მარტივი არ არის, რადგან ბევრი გუნდი ხუთი მცველით გამოდის. ვფიქრობ, აქ მეტად ტაქტიკური და დაცვითი ფეხბურთია. ეს ჩემთვის კარგი გამოწვევაა და შემეძლება, ჩემი საუკეთესო უნარები ვაჩვენო“.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს ფეხის ტრავმა აწუხებს და ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. „ჩაკვე“ სეზონის დასაწყისისთვის სათამაშოდ მზად იქნება. „უდინეზეს“ პირველი შეხვედრა 15 აგვისტოს, იტალიის თასზე, „პადოვას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.