მოდრიჩი: წარმოუდგენელია - რონალდუსა და მესის ეპოქაში ოქროს ბურთი მოვიგე
„მილანისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა 2018 წელს მოპოვებული „ოქროს ბურთის“ შესახებ ისაუბრა.
- იმ ოქროს ეპოქაში შენ „ოქროს ბურთი“ მოიგე. ბოლო, ვინც ის „მილანში“ მოიგო, 2007 წელს კაკა იყო. 2008-დან 2017 წლამდე მას კრიშტიანუ და მესი ინაწილებდნენ, სანამ შენ მათი ჰეგემონია არ დაარღვიე. მიუხედავად იმისა, რომ გუნდური მოთამაშე ხარ, ინდივიდუალური აღიარება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და მას ვერავინ წაგართმევს - შენ ის დაიმსახურე.
„დიახ, ეს წარმოუდგენელია - უდიდესი ინდივიდუალური აღიარება, რაც კი არსებობს, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. განსაკუთრებით მისი მოგება ისეთი ორი ფენომენის ეპოქაში, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არიან, და როდესაც ყოველწლიურად კონკურენციას გიწევენ სხვა შესანიშნავი მოთამაშეები, როგორებიც არიან ნეიმარი ან კარიმი ბენზემა, რომელმაც ის მოგვიანებით მოიგო, და ბევრი სხვა.
მისი მოგება წარმოუდგენელი იყო. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი ვარ, თუ იმ ფეხბურთელების სიას შევხედავთ, რომლებმაც ის მიიღეს.
გარდა ამისა, იმის გამო, რომ პატარა ქვეყნიდან ვართ, ჩვენთვის მისი მოგება გაცილებით რთულია, ვიდრე დიდი ქვეყნების წარმომადგენელი მოთამაშეებისთვის, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, გერმანია ან საფრანგეთი, ჩვენ ორმაგად მეტი მუშაობა გვიწევს. ამიტომ ამ ჯილდოთი კიდევ უფრო ვამაყობ. მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექტივია და ეს არ იცვლება.
ეს იმის სასიამოვნო აღიარებაა, რომ შესანიშნავი სეზონი ჩავატარე „რეალში“ და უპირველეს ყოვლისა, ხორვატიის ნაკრებში, ძალიან მიხარია“.
- თქვა მოდრიჩმა As-თან საუბარში.