NBA – „ლეიკერსის“ ზედიზედ მეექვსე და ჰეივარდის ბრწყინვალე დაბრუნება
Aa
Aa

NBA – „ლეიკერსის“ ზედიზედ მეექვსე და ჰეივარდის ბრწყინვალე დაბრუნება

ჩიკაგო - ლეიკერსი 112 - 118

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. გამთენიისას ფრენკ ვოგელის გუნდი სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენელ „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ლეიკერსის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი ლებრონ ჯეიმსმა შეიტანა, რომელმაც სამმაგი დუბლი მიჯრით მესამედ გაიფორმა. „მეფემ“ ამჯერად 30 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლებრონის გარდა 15 ქულით ენტონი დევისი გამოირჩა. ქუინ კუკმა გუნდს 17 ქულა შესძინა, ხოლო დუაით ჰოვარდი 6 ქულასა და ამდენივე მოხსნას დასჯერდა.

„ჩიკაგოს“ მხრიდან 26 ქულით ზაკ ლავინი გამოირჩა, ოტო პორტერ ჯუნიორმა თავი 18 ქულას მოუყარა. ვენდელ კარტერ ჯუნიორმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 11 ქულა, 11 მოხსნა. კობი უაითმა კი შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

კლივლენდი - ბოსტონი 113 – 119

გორდონ ჰეივარდისთვის „კლივლენდის“ საშინაო არენა 2017 წელს მიღებულ საშინელ ტრავმასთან ასოცირდება. ტრავმასთან, რომლის გამოც მან მთელი სეზონი გამოტოვა. რამდენიმე საათის წინ ჰეივარდი „კავსის“ სტადიონზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა და თან როგორ! ჰეივარდმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა და 39 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

ჰეივარდი ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის რეკორდსაც გაუთანაბრდა და 16-დან 16 ორქულიანი ჩააგდო. გორდონის ბრწყინვალე თამაშის წყალობით კი „ბოსტონმა“ რთული მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზე აღზევდა.

ჰეივარდის გარდა 25 ქულით კემბა უოკერი გამოირჩა. ჯეისონ ტეიტუმმა აქტივში 18 ქულა ჩაიწერა, ხოლო კარსენ ედვარდსმა გუნდს 13 ქულა შესძინა.

„კლივლენდს“ 21 ქულით კოლინ სექსტონმა ულიდერა. ტრისტან ტომპსონმა 19 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. კევინ ლავი 17 ქულასა და 9 მოხსნას დასჯერდა, ხოლო ლერი ნენს ჯუნიორმა 15 ქულა მიითვალა.

სხვა მატჩების შედეგები

შარლოტი - ინდიანა 122 - 120

ატლანტა - სან ანტონიო 108 - 100

ოკლაჰომა - ორლანდო 102 - 94

დენვერი - მაიამი 109 - 89

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები