ბრძოლა მძიმე ტრავმებთან:''ჩვენ და ბარტეზი პოლიტიკურად გაგვწირეს''
Aa
Aa

ბრძოლა მძიმე ტრავმებთან:''ჩვენ და ბარტეზი პოლიტიკურად გაგვწირეს''

სოხუმში დაბადებული მცველის, ამირან სანაიას ეროვნულ გუნდში დებიუტი 2007 წელს დოჰაში შედგა, როცა პროფესიულ კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა და 18 წლის ასაკში გერმანელმა კლაუს ტოპმიოლერმა საქართველოს ნაკრებში მიიწვია. ყატართან მოგებულ შეხვედრაში ტოპმიოლერმა სასტარტოში კალაძის, ხიზანიშვილისა და ასათიანის გვერდით ათამაშა.

2007 წელს ამირან სანაია ''ზესტაფონიდან'' ''ლე მანში'' გადავიდა, თუმცა ამ კლუბში გატარებული პერიოდი მისთვის წარმატებული არ ყოფილა. 2010-11 წლებში ''ბასტიასთან'' ერთად რანგით მესამე ლიგა მოიგო, შემდეგ სეზონში კი ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა.

მის კარიერას თან ახლდა მძიმე ტრავმები, თუმცა 2017 წლიდან მის კარიერაში სტაბილური პერიოდი დაიწყო, გასულ სეზონში ''როდეზთან'' ერთად ლიგა 2-ში თამაშის უფლება მოიპოვა. მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და გუნდის ვიცე-კაპიტანია. ამირან სანაია CrystalSport-ს ესაუბრა.

- ''როდეზში'' გადასვლამდე რამდენიმე სეზონი ტრავმების გამო გამოტოვე. ფსიქოლოგიურად როგორ გადალახე ეს რთული პერიოდი?

- ''როდეზში'' გადასვლამდე ძალიან რთული პერიოდი იყო, რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე. გაუსაძლისია, როცა იწყებ ვარჯიშს და ისევ ტკივილს გრძნობ, ისევ ტრავმა გაწუხებს. ფსიქოლოგიურად რთული გადასატანი იყო, მაგრამ იმ წელს პირველი შვილი შემეძინა, რამაც დადებითი მუხტი შემძინა. მეუღლე ძალიან მამხნევებდა, მეგობრები გვერდით მედგნენ. იყო ბევრი იმედგაცრუება, მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერი ცუდი დასრულდა და დღეს კარგად ვარ. 

მახსოვს ბოლო ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ფეხზე დავდექი, ტკივილი აღარ მაწუხებდა და ამ პერიოდში ''როდეზთან'' კონტრაქტი გავაფორმე.

- 2008 წელს, როცა ''ლე მანში'' გადახვედი, რამდენად რთული იყო განსხვავებული მენტალიტეტის ადამიანებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და განსხვავებულ გარემოში დამკვიდრება?

- ''ლე მანში'' გადასვლისას ადაპტაციის პროცესი ძალიან რთული გამოვიდა. უპირველესად ენობრივი პრობლემა უნდა დამეძლია, რადგან იქ ჩასვლისას ფრანგული ენა არ ვიცოდი. ადაპტაციას დიდი დრო დასჭირდა. საფრანგეთში ფეხბურთელის ფიზიკურ მომზადებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, ვარჯიშებზე ძალიან დიდი დატვირთვები იყო, რის გამოც რამდენჯერმე მიკროტრავმა მივიღე.

სიმართლე გითხრათ ყველაფერი, რაც ფეხბურთელის პროფესიულ კარიერას უკავშირდება, საფრანგეთში ვისწავლე: სწორი კვება, საქმისადმი სწორი დამოკიდებულება, როგორ უნდა მეცხოვრა მინდორს მიღმა. ბოლო წლებში საქართველოში მწვრთნელთა კვალიფიკაციის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ როცა მე საქართველოსს ვტოვებდი და საფრანგეთში გადავდიოდი, განსხვავება ძალიან დიდი იყო. ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩემი ადაპტაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა.

-.მძიმე ტრავმების დროს ფიქრობდი თუ არა კარიერის დასრულებაზე?

- ყველაზე მძიმე მომენტი მაშინ დადგა, როცა ბოლო ოპერაცია გავიკეთე. ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ შესაძლოა ფეხბურთელის კარიერა დამესრულებინა. მისი აზრით თუ მუხლში ტკივილს ისევ ვიგრძნობდი, ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებდი. მისი სიტყვები არ მიმიღია, როგორც ტრაგედია, საფეხბურთო კარიერის დასრულება ვერ წარმომედგინა. კარიერის დასრულებაზე სერიოზულად არ მიფიქრია. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ასეთ დროს მენტალურად ტყდებიან, თუმცა მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი წინ მქონდა და კარიერას გავაგრძელებდი.

ბოლო ოპერაციის შემდეგ ვფიქრობდი, თუ ტკივილს ისევ ვიგრძნობდი, სხვა ექიმთან მივიდოდი. 26 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერის დასრულება ვერ წარმომედგინა. მჯეროდა, რომ ფეხბურთში დავბრუნდებოდი. ამავდროულად ოჯახის ყველა წევრი და მეგობრები ჩემს გვერდით იყვნენ, მამხნევებდნენ და მათ თანადგომას ვგრძნობდი. გარდა ამისა, მძიმე პერიოდში შვილი შემეძინა და უფრო მოტივირებული გავხდი. 

როცა ''ლუზენაკში'' თამაშობდი გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიენ ბარტეზი იყო. როგორ დაახასიათებდი მას და რამდენად კომფორტული იყო ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილ მეკარესთან მუშაობა?

- ''ბასტიადან'' წამოსვლის შემდეგ კარიერა ''ლუზენაკში'' გავაგრძელე, სადაც სპორტული დირექტორი ბარტეზი იყო. ფაბიენი ძალიან უბრალო ადამიანია, ცხადია სავარჯიშო პროცესს ესწრებოდა ხოლმე, ხშირად ერთვებოდა ბურთით ვარჯიშებში. როცა არ უნდა დაგერეკა, ყოველთვის უშუალოდ გესაუბრებოდა. ძალიან კარგი ადამიანია.ბოლოს ''ლუზენაკის'' თემაზე შევეხმიანე, მას შემდეგ მასთან კონტაქტი არ მქონია,

მაშინ ''ლუზენაკის'' გარშემო ცუდი ამბავი მოხდა, კლუბი პოლიტიკური კუთხით გაწირეს, უპირატესობა დიდ კლუბებს მიანიჭეს და ჩვენ, როგორც პატარა გუნდი დაგვჩაგრეს, მაგრამ ახლა ''ლუზენაკმა'' სასამართლო მოიგო და სასამართლოს გადაწყვეტილებით საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგა ვალდებულია შემდეგ სეზონში ''ლუზენაკი'' ლიგა 2-ში დაუშვას. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდი უკვე დაშლილია, რთული წარმოსადგენია ვიხილავთ თუ არა ''ლუზენაკს'' ლიგა 2-ში.

ამ ფაქტის გამო ბარტეზს ფეხბურთზე გული აუცრუვდა. როგორც ვიცი მას შემდეგ ფეხბურთში აღარ უმუშავია.

1998 წლის მუნდიალის ფინალში გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაქი ''სამფეროვანთა'' მეკარეს, ფაბიენ ბარტეზს კოცნის

პიროვნული განვითარების კუთხით რა მოგცა საფრანგეთში გატარებულმა წლებმა?

-  18 წლიდან საფრანგეთში ვცხოვრობ, აქ ბევრი რამ ვისწავლე ფეხბურთთან თუ ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებით. ალბათ უპირველესად დისციპლინას გამოვყოფ, რასაც საფრანგეთში დიდ ყურადღებას აქცევენ. როცა იმედგაცრუებაა, არ უნდა მოეშვა, არ უნდა დაიშურო ძალები, პირიქით უნდა მოინდომო და წინსვლა განაგრძო. ფსიქოლოგიურად და მენტალურად ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ამის გაკვეთილები ცხოვრებაშიც მქონდა. 

საფრანგეთში დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი გუნდი გამოვიცვალე, ბევრ ფეხბურთელთან, აგენტთან თუ მწვრთნელთან ვიმუშავე, საერთო ჯამში მათგან ბევრი რამ ვისწავლე. საფრანგეთმა, როგორც განსხვავებული მენტალიტეტის ქვეყანამ, ბევრი რამ მომცა. საფრანგეთის დატოვების და კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელების რამდენიმე შესაძლებლობა მქონდა, თუმცა წასვლას ყოველთვის დარჩენა ვამჯობინე, რასაც არ ვნანობ.

როგორც ფეხბურთელმა რა დადებითი თვისებები შეიძინე საფრანგეთში თამაშის პერიოდში?

- ''ლე მანთან'' კონტრაქტი 18 წლის ასაკში გავაფორმე, ჩემი ძლიერი მხარე ყოველთვის იყო შრომა, აქ მასწავლეს დაცვაში სწორი თამაში, საფრანგეთში მივიღე ტაქტიკური ცოდნა. რაც შეეხება მინდორს მიღმა ცხოვრებას, აქ ვისწავლე მოთმინება. საფრანგეთში ბევრ მწვრთნელთან თუ ფეხბურთელთან ვიმუშავე, მათგან ბევრი რამ ვისწავლე, კარგი გამოცდილება მივიღე და მათი მადლობელი ვარ.

-  შენს ფრანგულ კარიერაში ვის წინააღმდეგაც გითამაშია ვინ იყო ყველაზე ძლიერი შემტევი?

- პირველ წელს, როცა საფრანგეთში ჩამოვედი ''ტურთან'' ვითამაშეთ, მაშინ ''ტურში'' ოლივიე ჟირუ თამაშობდა. მისი თამაშით გაოცებული და გაკვირვებული დავრჩი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, ერთი შეხებით ისე ''სუფთად'' აგდება ბურთს, ჩანდა რომ ტექნიკურადაც მაღალ დონეზე იყო მომზადებული.  სამი გოლი გაგვიტანა. ბევრთან მითამაშია, მაგრამ ჟირუ საუკეთესო იყო.

ნაბი კეიტა, რომელიც ''ლივერპულში'' თამაშობს, გვინეიდან ''ლე მანში'' ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ემზადებოდა. პირველივე ვარჯიშზე საოცრად ითამაშა, ორმხრივი თამაშისას ჩემი მოწინააღმდეგე იყო, პატარა მონაკვეთიდან ერთი ან ორი შეხებით ბრწყინვალედ გამოდიოდა, ბურთს ვერ წაართმევდი, ვერ მიეკარებოდი, ბურთის ფლობის ბრწყინვალე ფლობით გამოირჩეოდა. მაშინ ''ლე მანში'' ფინანსური პრობლემები შეიქმნა და კონტრაქტი ლიგა 2-ის ''ისტრთან'' გააფორმა, ახლა ''ლივერპულშია.''

მიმდინარე სეზონში რა არის როდეზის მთავარი მიზანი ლიგა 1-ში აღზევება თუ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება?

- უპირველესი მიზანი ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებაა. მნიშვნელოვანია გუნდის პროგრესირება.გასული სეზონის წამატების შემდეგ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი გუნდში დარჩა, მათთვის ლიგა 2-ში თამაში დიდი გამოცდილებაა. გასულ ზაფხულში რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ, მათ ხელი შევუწყვეთ და ადაპტაცია სწრაფად გაიარეს. გუნდში კარგი გარემოა, პრეზიდენტისა თუ მწვრთნელის მიზანიც ეს იყო, რომ ერთსულოვნება შენარჩუნებულიყო.  ზოგადად ლიგა 2 საკმაოდ არაპროგნოზირებადი ჩემპიონატია. სეზონის დასაწყისი კარგია, გვსურს  მაქსიმალურად მაღალი პოზიცია დავიკავოთ. ბოლომდე დავიხარჯებით და ვნახოთ სეზონს რომელ ადგილზე დავასრულებთ.

- 2007-09 წლებში კუპერისა და ტოპმიოლერის მწვრთნელობისას  ეროვნულ ნაკრებში თამაშობდი. რამდენად გაქვს ეროვნულ გუნდში დაბრუნების მოლოდინი ?

- თავიდან ტოპმიოლერთან და შემდეგ კუპერთან ვმუშაობდი. ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნება და დიდი პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ ტრავმების გამო დიდი პერიოდი გამიცდა, რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე. ვფიქრობ საფრანგეთის ლიგა 2 ხელწამოსაკრავი ჩემპიონატი ნამდვილად არაა.

ვნახოთ მოვხვდები თუ არა კიდევ ეროვნულ გუნდში, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. არ მგონია, რომ უყურადღებოდ დავრჩე, რადგან ლიგა 2 ძლიერი ჩემპიონატია, სადაც რეგულარულად სასტარტოში ვთამაშობ. ვფიქრობ ვაისისთვის საინტერესო ფეხბურთელი უნდა ვიყო, მაგრამ ყველაფერი მასზე და მის სამწვრთნელო ხედვაზეა დამოკიდებული. შრომას ვაგრძელებ და შესანიშნავი იქნება თუ ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით კიდევ ვითამაშებ.

ჩემი აზრით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კარგი პერიოდი აქვს, თამაშის ხარისხი გაუმჯობესებულია. განსაკუთრებით სტაბილურად დაცვის ხაზი გამოიყურება. ნაკრების თამაშს თვალს ვადევნებ,  წინსვლა მახარებს. ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელთან ძალიან ახლოს ვარ და თუ კარგ ფორმაში ვიქნები, იმედი მაქვს მათთან ერთად ეროვნულ გუნდში ვითამაშებ.

- ამჟამად ფიზიკურად როგორ გრძნობ თავს და ტრავმის შემდეგ შენს თამაშს როგორ შეაფასებ ?  ოპტიმალურ ფორმასთან რამდენად ახლოს ხარ ?

- მიმდინარე სეზონის პირველი მატჩის წინ კუნთი გავიწყვიტე და თითქმის ორი თვე გამიცდა. ტრავმის შემდეგ თამაშის ტემპთან შესაჩვევად დრო გამიჭირდა, გასულ 4 მატჩში 90 წუთი ვითამაშე, ასი პროცენტით მზად არ ვარ, მაგრამ თავს უკეთ ვგრძნობ, ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. ყველაფერი კარგად მიდის, აქ ჩემი სჯერათ, ვუყვარვარ, მაფასებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო, კარგად ვითამაშო და გუნდის წარმატებისთვის ვიბრძოლო. იმედი მაქვს კარგი სეზონი გამოვა.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები