Aa
Aa

Le Parisien - პსჟ მბაპეს "რეალისგან" დასაცავად ყველაფერს გააკეთებს

„მონაკოს“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვადიმ ვასილიევის მიერ მბაპესა და მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ პარიზში განგაშის ზარები შემოკრეს. Telefoot-თან საუბრისას ვასილიევმა აღნიშნა, რომ ფრანგ ახალგაზრდას სურს „პარი სენ-ჟერმენში“ წარმატებას მიაღწიოს, თუმცა დასძინა, რომ კილიანის „რეალში“ გადასვლა გარდაუვალია.

„პარკ დე-პრენსზე“ აქტიურად სწორედ ამ განცხადების შემდეგ ამუშავდნენ. Le Parisien-ის ინფორმაციით პსჟ ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი სუპერვარსკვლავი „სამეფო კლუბისგან“ დაიცვას.

ფრანგული გამოცემის მიხედვით „პარი სენ-ჟერმენს“ უკვე სტრატეგიაც შემუშავებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მბაპეს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, კლუბის ხელმძღვანელები მას ახალ ხელშეკრულებას უმზადებენ. თანაც ისეთს, რომელზეც უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

Le Parisien-ის ცნობით „პარი სენ-ჟერმენი“ აპირებს მბაპეს ხელფასის სახით სეზონში 40 მილიონი ევრო, ანუ ზუსტად იმდენი შესთავაზოს, რამდენსაც ნეიმარი იღებს.

პსჟ-ს გააქტიურება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ფრანგულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ 2020 წლის ზაფხულში „რეალი“ მბაპეს გასაფორმებლად მაქსიმუმს გააკეთებს და შესაძლოა მის სანაცვლოდ 300 მილიონი ევროც გადაიხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები