Aa
Aa

"ვერონას" მწვრთნელი: "რასიზმთან საქმე ნამდვილად არ გვქონია...არ ვიცი ბალოტელის ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა"

სერია A-ს მე-11 ტურში "ვერონასა" და "ბრეშას" შეხვედრაში უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. მატჩის 54-ე წუთზე სტუმართა ვარსკვლავმა, მარიო ბალოტელიმ თავი ვერ შეიკავა, თამაში შეწყვიტა და გაბრაზებულმა ტრიბუნებისკენ ბურთი დაარტყა.

"სუპერ მარიომ" მოედნის დატოვებაც დააპირა, მაგრამ თანაგუნდელებმა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა გადააფიქრებინეს.

ბალოტელი "ვერონას" ქომაგთა ამაზრზენმა ქმედებებმა გააცოფა. როგორც ირკვევა "ბალოს" მთელი მატჩის განმავლობაში რასისტული შინაარსის შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისი მისამართით მაიმუნის მსგავს ხმებს გამოსცემდნენ. თუმცა "ვერონას" თავკაცი, ივან ჯურიჩი ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს და თვლის, რომ ბალოტელი არაფრისგან პრობლემას ქმნის.

"დღეს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფებს ადგილი არ ჰქონია. ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები ბალოტელის უსტვენდნენ და მისი მისამართით გამაღიზიანებელ ფრაზებს სკანდირებდნენ, მაგრამ რასიზმთან საქმე ნამდვილად არ გვქონია".

"ყველაფერი ისე რომ მომდარიყო, როგორც მარიო ამბობს, აუცილებლად დავადასტურებდი. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი გულშემატკივარია, თუ სხვისი. რასიზმი გულს მირევს, მაგრამ დღეს რასიზმს ადგილი არ ჰქონია. არ ვიცი ბალოტელის ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა".

"ვერონას" მთავარი მწვრთნელის პოზიცია კლუბის პრეზიდენტმა, მაურიციო სეტიმაც გაიზიარა და განაცხადა, რომ მას რასისტული შინაარსის შეძახილები არ გაუგონია.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ "ვერონას" წარმომადგენლების ფრაზებს "სუპერ მარიო" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ უნდა რცხვენოდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები