3 მატჩი უქმეებზე და ვიდეო რეფერის 3 უხეში შეცდომა! მარიონეტი სახელად VAR-ი
Aa
Aa

3 მატჩი უქმეებზე და ვიდეო რეფერის 3 უხეში შეცდომა! მარიონეტი სახელად VAR-ი

შაბათს 2 ნოემბერს ევროპაში უამრავი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ტოპ 5 ჩემპიონატებიდან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ჯახი შაბათს იყო, რადგან შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაა.

ამ უქმეებზე რამდენიმე ხმაურიანი შეხვედრა ვიხილეთ, რომელმაც ყურადღება არა გოლებით, ან თვალსასეირო თამაშით, არამედ ვიდეო რეფერის ქმედებების გამო მიიქცია.

გულშემატკივრები სვამენ კითხვას, თუ რას ცვლის VAR-ი? დიახ, ეს ინოვაცია მართლაც ბევრ რამეს ცვლის, მაგრამ არის ეპიზოდები, როდესაც თავს ყველანი მოტყუებულად ვგრძნობთ და ბრაზი გვერევა.

ასე იყო 2 ნოემბერსაც, როდესაც „ბარსელონას“, „ლივერპულისა“ და „იუვენტუსის“ მატჩები ვიხილეთ. ვიდეო რეფერიმ ისეთი შეცდომები დაუშვა, რომელსაც არ უნდა უშვებდეს.

ყველაზე მსუბუქი შეცდომით დავიწყოთ. მსუბუქი იმიტომ, რომ დაზარალებულმა საბოლოოდ მაინც მოიგო. „ბარსა“ „ლევანტეს“ ესტუმრა და მესის პენალტით იგებდა კიდეც, თუმცა მეორე ტაიმში ტრადიციული ვალვერდეს „ბლაუგრანა“ ვიხილეთ, რომელმაც 7 წუთში 3 გოლი გაუშვა და უშანსოდ დამარცხდა.

რომ არა „ლევანტეს“ მონდომება და მიღწეული შედეგი, „ბარსა“ აშკარად მსაჯის შეცდომით იგებდა. მესის პენალტის ეპიზოდში, საგოლე შეტევისას გრიზმანი აშკარა თამაშგარეში იმყოფებოდა, რაც გამეორებაზე მსაჯს არ აჩვენეს.

შეტევა საკმაოდ გრძელი იყო და მთავარმა არბიტრმა ყველაფრის თავიდან ნახვა არ მოინდომა, საბოლოოდ კი პენალტი დანიშნა, რომელიც ნამდვილად იყო, მაგრამ იქამდე სანამ სემედუს წააქცევდნენ გრიზმანი თამაშგარეში იმყოფებოდა და გოლი უნდა გაუქმებულიყო. რეპორტაჟისას ეს მომენტი 2 წუთშივე გაამეორეს, თუმცა რეაგირება აღარ მომხდარა.

ახლა გადავიდეთ გაცილებით მნიშვნელოვან შეცდომებზე. „ლივერპული“ „ასტონ ვილას“ ესტუმრა და 94-ე წუთზე სადიო მანეს გოლით მოიგო.

„მერსისაიდელებმა“ ანგარიშის გათანაბრება 87-ე წუთამდე ვერ მოახერხეს. კლოპის გუნდს წესით ამდენი არ უნდა ენერვიულა, რადგან 27-ე წუთზე რობერტო ფირმინომ წესების სრული დაცვით გაიტანა და ბურთი უნდა ჩათვლილიყო, თუმცა VAR-მა რატომღაც გოლი გააუქმა.

გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ფირმინო მცველზე წინ ნამდვილად არ ყოფილა. ამ მომენტზე კლოპი აღშფოთდა და პრესასთან უკმაყოფილება ვერ დამალა.

რა საჭიროა ვიდეო რეფერი, თუ გამეორების ნახვისას სამართლიანობა არ აღსდგება? მსგავს შეცდომებს მსაჯები სულ უშვებდნენ და იმით მართლდებოდა, რომ ვიდეო გამეორების ნახვა მათ არ შეეძლოთ. ახლა კი ეს შესაძლებელია, მაგრამ ძველი შეცდომები დღემდე მეორდება...

რაც შეეხება მესამე ეპიზოდს, რომელიც 2 ნოემბერს ვიხილეთ. ტურინული დერბი „ტორინოსა“ და „იუვენტუსს“ შორის.

„ბებერმა ქლაბატონმა“ 70-ე წუთზე დე ლიხტის გოლით მოიგო, თუმცა იქამდე იმავე დე ლიხტის ხელზე ბურთის მოხვედრისთვის „ტორინოს“ პენალტი ეკუთვნოდა, რომელიც ვიდეო რეფერიმ არ დაუნიშნა.

ეპიზოდი მე-11 წუთზე იყო და VAR-მა აშკარად გაუგებარი და მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო.

არადა მსგავს თამაშზე წელს „იუვენტუსის“ კარში პენალტები დაინიშნა - „ინტერთან“ და „ლეჩესთან“ დე ლიხტმა ხელით ითამაშა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. უცნაურია თუ რატომ გაატარეს მსაჯებმა ეს ეპიზოდი ამჯერად...

ანუ რა გამოდის? დასკვნა ასეთია - VAR-ს მსაჯები ისე იყენებენ, როგორც მათ იმ მომენტში სურთ და ამას წესების მიხედვით არ აკეთებენ.

წესი წესია და თუ ის დაირღვა შესაბამისად უნდა იმოქმედო. ერთ მატჩში მსგავს დარღვევაზე პენალტია და მეორეში არა? ასეთი გადაწყვეტილებები ბევრ კითხვებს ბადებენ...

P.S. ბოლო 2 სეზონში საკმაოდ ხშირად ხდება, როცა საგოლე შეტევისას ვიდეო რეფერი დაშვებულ შეცდომას არ ამეორებს. ანუ, გოლის ეპიზოდი უშუალოდ რამდენიმე წამით ადრე მეორდება და არა მთლიანად შეტევა, რომელშიც წესები დაირღვა და გოლი გასაუქმებელია, თუმცა ასე არ ხდება.

ამის ნათელი მაგალითი მადრიდული დერბია, რომელიც გასულ სეზონში შედგა. გრიზმანის გოლის მომენტში, შეტევის დასაწყისისას ანხელ კორეა ვინისიუსის წინააღმდეგ აშკარად წესებს არღვევს, რასაც საგოლე შეტევა მოჰყვება. ვიდეო რეფერი კი გამეორებაზე ეპიზოდს სრულად არ ნახულობს.

ეს დიდი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები