Aa
Aa

"ინტერს" 2018-2019 წლების სეზონში სარეკორდო შემოსავალი ჰქონდა

მილანის „ინტერმა“ გამოაცხადა, რომ 2018-2019 წლების სეზონში, მაყურებელთა დასწრების მხრივ, კლუბს სარეკორდო შემოსავალი ჰქონდა. როგორც ცნობილი ხდება, „ნერაძურის“ წლიურმა ბრუნვამ 417 მილიონი ევრო შეადგინა, რაც Suning Group-ის მოსვლამდე არსებულ ბრუნვაზე თითქმის 2-ჯერ მეტია.

შემოსავლების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მაყურებელთა დასწრების მაღალმა მაჩვენებელმა მოახდინა, რომლის წყალობითაც კლუბის ბიუჯეტი 138 მილიონი ევროთი შეივსო. ოფიციალური მონაცემებით, გასულ სეზონში „შავ-ლურჯთა“ შეხვედრებს საშუალოდ 61 000 ტიფოზი ესწრებოდა, რაც იტალიის მასშტაბით - საუკეთესო, ხოლო ევროპაში მე-5 შედეგია.

იმის მიუხედავად, რომ ლუჩიანო სპალეტის ფორმაციის „ინტერმა“ წარმატებას ვერ მიაღწია და ჩემპიონთა ლიგაზეც ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლია, ფანები კლუბს მხარში გულმოდგინედ ედგნენ.

ანტონიო კონტეს დანიშვნისა და რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა და „ნერაძური“ გაცილებით ამბიციური გუნდია. მის ტიფოზერიას სურს, რომ კლუბმა „სკუდეტოსთვის“ იბრძოლოს, რაც არარეალური სულაც არაა, ამასთანავე ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გააღწიოს.

მილანელები სერია A-ს შემდეგ შეხვედრას დღეს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე, „ბრეშას“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავენ. კონტეს ბიჭებმა 9 ტურში 22 ქულა მოაგროვეს და ლიდერ „იუვენტუსს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები