Aa
Aa

"ძალიან გაღიზიანებული ვიყავი" - რიბერიმ მოიბოდიშა, თუმცა 3 მატჩით დასაჯეს

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის მატჩი "ფიორენტინასა" და "ლაციოს" შორის უსიამოვნო ინციდენტით დასრულდა. ფლორენციელთა ვარსკვლავმა, ფრანკ რიბერიმ საფინალო სასტვენის შემდეგ ლაინსმენთან საქმის გარკვევა გადაწყვიტა და მას რამდენჯერმე ხელითაც შეეხო.

წესების თანახმად, მსაჯებთან ხელით შეხება იკრძალება, თანაც კადრებში აშკარად ჩანს, რომ ფრანგიშემტევი გვერდით არბიტრ მატეო პასერის აგრესიული ტონით ესაუბრება, პირველი კონტაქტი კი საკმაოდ ძლიერი იყო და ლამის, პასერის წაქცევა გამოიწვია.

რიბერის გულისწყრომის მიზეზი არდანიშნული ჯარიმა გახდა, რომლის შემდეგაც "ლაციომ" შეტევა გააგრძელა და 89-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჯორდან ლუკაკუმ "ფიორენტინას" მოთამაშეს ფეხში მიარტყა, თუმცა არც საკმაოდ ახლოს მდგომმა პასერიმ და არც მთავარმა არბიტრმა, მარკო გუიამ ეპიზოდზე რეაგირება საჭიროდ არ ჩათვალეს.

რიბერიმ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რომლითაც პირადად მატეო პასერის გარდა, თანაგუნდელებს, მწვრთნელსა და გულშემატკივრებს მოუბოდიშა. 

ფრანგმა ვარსკვლავმა იმედი გამოთქვა, რომ პასერი მის მდგომარეობას გაითვალისწინებს, რადგან თამაშის შემდეგ ძალიან გაღიზიანებული იყო და ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, რიბერი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, გარდა ამისა, 20 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

"ფიორენტინა" ოთხშაბათს სერია A-ს მორიგ ტურში "სასუოლოს" შეხვდება, რის შემდეგაც "პარმასთან" და "კალიარისთან" დაპირისპირება მოუწევს. "იები" იტალიის ჩემპიონატის მე-9 ადგილზე იმყოფებიან და ზედა ოთხეულს 5 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები