მესი:
Aa
Aa

მესი: "რონალდო საუკეთესო თავდამსხმელია, ვისი თამაშიც ოდესმე მინახავს"

ლიონელ მესიმ გამოცემა TyC Sports-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის საინტერესო მონაკვეთებიც ესპანურ პრესაში ბოლო დღეებია ნაწილ-ნაწილ პერიოდულად ვრცელდება.

არგენტინელ სუპერვარსკვლავს მისთვის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელზე დაეკითხნენ, მესიმ კი ის იმ ცენტრფორვარდებიან აარჩია, რომელთა თამაშიც ცოცხლად უნახავს. 

"ყველა იმ ცენტრფორვარდს შორის, რომელთა თამაშიც ცოცხლად მინახავს, რონალდო ლუის ნაზარიო საუკეთესოა. ის დაუჯერებელი უნარებით გამოირჩეოდა და ფენომენალურ ფეხბურთს თამაშობდა".

შემდეგი თემა მესისთვის საუკეთესო პარტნიორს შეეხებოდა. 32 წლის შემტევმა ამ მხრივ რონალდინიო გამოარჩია და აღნიშნა, რომ მან კარიერის დასაწყისში დიდი დახმარება გაუწია.

"რონალდინიო ძალიან დამეხმარა. როცა "ბარსელონას" გასახდელში შევედი, 16-17 წლის ვიყავი და ამდენი უდიდესი ფეხბურთელის დანახვამ ცოტა დამძაბა.

რონალდინიომ დამამშვიდა, თავი კომფორტულად მაგრძნობინა და ამის შემდეგ ბევრად თავისუფლად ვიყავი. მოედანზე ყოფნისასაც მუდმივად მას ვაკვირდებოდი, თუმცა ერთად თამაში დიდი ხნის განმავლობაში არ მიგვიწია, არადა ეს კარგი იქნებოდა.

რაც შეეხება ლუის სუარესს, მასთან ერთად უკვე 5 წელია, თითქმის ყოველ მესამე დღეს ვთამაშობ და ერთმანეთის თვალდახუჭულს გვესმის. გარდა ამისა, ერთი ასაკის შვილები გვყავს და ერთმანეთთან დროს ყოველდღიურად ვატარებთ, ადამიანური ურთიერთობები კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო აძლიერებს".

მესიმ "ბარსელონას" მაისურით გატანილი სადებიუტო გოლიც გაიხსენა, რომელიც სწორედ რონალდინიოს ულამაზესი პასის შემდეგ შეაგდო.

"მცველთან ორთაბრძოლის შემდეგ ბურთი შევინარჩუნე და ოდნავ უკან რონალდინიოს დავუგორე, რის შემდეგაც მის პასს დაველოდე. მან მცველებს ბურთი თავზე გადაატარა და მეკარეს შემატოვა, რომელსაც ბურთი თავზე გადავუგდე და გავიტანე თითქმის ისეთივე გოლი, როგორიც იმავე მატჩში თამაშგარეს გამო არ ჩამითვალეს".

"ბარსას" კაპიტანმა VAR-ის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს.

"მომწონს VAR-ი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ის სწორადაა გამოყენებული. რაც არ მომწონს ისაა, რომ ეს სისტემა ეჭვების გასაფანტად შემოიღეს, თუმცა ეს ჯერ ასე არ ხდება".

მესი და "ბარსელონა" ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩისთვის ემზადებიან, რომელმაც გუნდი 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბლაუგრანას" კაპიტანმა მიმდინარე სეზონის სტარტი ტრავმის გამო გამოტოვა, მას შემდეგ კი ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები