Aa
Aa

ევრა: "არსენალის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიხაროდა, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, პატრის ევრამ „არსენალი“ გააკრიტიკა. ფრანგ უკანახაზელს მიაჩნია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ლონდონურ კლუბში არაფერი შეცვლილა.

ევრამ საკუთარი პოზიცია „შეფილდისა“ და „არსენალის“ მატჩის შემდეგ დააფიქსირა, რომელიც მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს და განაცხადა: „შეფილდი გამარჯვებას იმსახურებდა. არსენალის თამაში კი ჩემთვის მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა“.

„10 წლის წინათ მათ ბავშვებს ვეძახდი და ახლაც ყველაფერი ზუსტად ასეა. არსენალი კარგად ასპარეზობს, მაგრამ წარმატებული გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მეთოფეები უბრალოდ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ“.

„არსენალის წინააღმდეგ ასპარეზობა ყოველთვის მიხაროდა, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდი“.

„როცა რობინ ვან პერსი მანჩესტერში გადმოვიდა, ხელი ჩამოვართვი და კაცების კლუბში მოსვლა მივულოცე. ჰოლანდიელი გამიბრაზდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ მითხრა: „პატრის, შენ აბსოლუტურად მართალი ხარ“.

„დღევანდელი არსენალის საუკეთესო მოთამაშე მატეო გენდუზია. ეს უკანასკნელი გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც ცოტა ხნის წინ საფრანგეთის მეორე დივიზიონში გამოდიოდა და თანაც რეგულარული სათამაშო დრო არ ეძლეოდა. ახლა კი არსენალის წამყვანი ფეხბურთელია“.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მეთოფეების ბევრ ლეგენდას ვიცნობ, რომლებიც გუნდის კაპიტნად გრანიტ ჯაკას დანიშვნის გამო, გაცეცხლებულები არიან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები