აგუეროს და რუნის აჯობა - ჰოლანდის რეკორდი და სიტის გამარჯვება დერბიში
ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბუნებრივია მანჩესტერული დერბი გახლდათ, სადაც მიუხედავად იმისა, რომ 23-ე წუთზე ფილ ფოდენის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, „სიტიმ“ 1:0 მოიგო და სატურნირო ცხრილს „არსენალთან“ ერთად სათავეში ჩაუდგა. რადგანაც „მეთოფეები“ ვახსენეთ, გეტყვით, რომ სეზონის სტარტზე ინგლისის სუპერთასზე მათთან განცდილი 0:3 მარცხის შემდეგ, „ქალაქელებმა“ ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგეს, რაც როგორც უკვე გითხარით, ცხრილზეც კარგად აისახა.
გამარჯვების გოლი მე-60 წუთზე ერლინგ ჰოლანდის ანგარიშზეა, რომლისთვისაც ეს „იუნაიტედის“ კარში გატანილი რიგით მე-9 ბურთი იყო, რითაც უეინ რუნის (8) და სერხიო აგუეროს (8) გაუსწრო და მანჩესტერული დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თეორიულად ჰოლანდის გადასწრება მხოლოდ ფოდენს შეუძლია, რომლის აქტივშიც ერიკ კანტონას მსგავსად 7 გოლია.
ცნობისათვის, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ „ოლდ ტრაფორდზე“ გამართული ბოლო ოთხი დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი მოიგო, წელს კი ოთხ ტურში „ალისფერ ეშმაკებს“ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ, რაც მაიკლ კერიკს ნათელ მომავალს ნამდვილად არ უწინასწარმეტყველებს.