„ოპერაცია მომავალი“ – „ბარსელონას“ 8 მარგალიტი
Aa
Aa

„ოპერაცია მომავალი“ – „ბარსელონას“ 8 მარგალიტი

კატალონიის „ბარსელონამ“ ცოტა ხნის წინ გუნდის გაახალგაზრდავების გეგმა აამუშავა, რომელსაც ესპანური პრესა „ოპერაცია მომავალს“ უწოდებს. „ბლაუგრანას“ მესვეურები „ლა მასიადან“ წამოსული ფეხბურთელების განვითარებაზე და მათთვის თავის გამოჩენის შანსის მიცემაზე არიან ორიენტირებულები და პარალელურად ხუნიორ ფირპო (23 წლის) და ფრენკი დე იონგიც (22წლის) გაიფორმეს.

ზემოთ ხსენებული მოთამაშეების გარდა, „ბარსას“ კიდევ რამდენიმე პერსპექტიული ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo „მარგალიტებს“ უწოდებს.

ანსუ ფატი, 16 წლის, ფორვარდი

2002 წელს დაბადებული ფატი, რომელიც 17 წლის ოქტომბრის ბოლოს ხდება, მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა. მაშინ, როცა მესის, სუარესსა და დემბელეს ტრავმა ჰქონდათ, ფატი ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს.

„ვალენსიასთან“ მატჩში იგი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. თანაც ანსუს ამ მიღწევის გასაფორმებლად სულ რაღაც 7 წუთი დასჭირდა.

ფატიმ ლა ლიგის 5 მატჩში ორი გოლი შეაგდო და ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა.

პედრი, 16 წლის, შემტევი ნახევარმცველი

პედრი გონსალეს ლოპესი „ლას პალმასში“ თამაშობს, თუმცა კატალონიელები მას თვალს აქტიურად ადევნებენ, რადგან მის სანაცვლოდ 4.5 მილიონი ფუნტი აქვთ გადახდილი. იგი გუნდს ივლისში შუერთდება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით ლიონელ მესი თავის მემკვიდრედ სწორედ პედრის ასახელებს. 16 წლის ბიჭს „სეგუნდა დივიზიონის“ 9 შეხვედრაში 3 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.

რიკი პუჩი, 20 წლის, ცენტრალური ნახევარმცველი

„ბარსელონას“ ახალგაზრდა ჰავბეკი „ბლაუგრანას“ ბ გუნდში ასპარეზობს.

ცენტრალურ ნახევარმცველს ექვს მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. აგვისტოში მან წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო კატალონიელი ფეხბურთელის ჯილდო დაისაკუთრა.

ილაიჩ მორიბა, 16 წლის, ცენტრალური ნახევარმცველი

„კამპ ნოუზე“ მორიბაზე დიდ იმედებს ამყარებენ. ესპანური პრესა მას პოლ პოგბას ადარებს. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებს კი მისი იმდენად სჯერათ, რომ კონტრაქტში მორიბას გამოსასყიდ თანხად დაახლოებით 90 მილიონი ფუნტი მიუთითეს.

ჟან-კლერ ტოდიბო, 19 წელი, ცენტრალური მცველი

კვირას „სევილიასთან“ მატჩში კლემენტ ლენგლეს დისკვალიფიკაციისა და სამუელ უმტიტის ტრავმის გამო, პიკეს ძირითად შემადგენლობაში 19 წლის ჟან-კლერ ტოდიბო შეუწყვილდა.

ანდალუსიელებთან მატჩამდე ტოდიბოს, რომელიც „ბლაუგრანამ“ „ტულუზადან“ შეიძინა, კატალონიელთა მაისურით 3 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული. (სამივე მატჩი სტუმრად გამართა)

„კამპ ნოუზე“ ფრანგი უკანახაზელის დებიუტი სწორედ „სევილიასთან“ ჯახში შედგა. ტოდიბომ 73 წუთი ითამაშა და მოედანი ნაადრევად, დაღლილობის გამო, დატოვა. ჟან-კლერი კიდევ ერთ შანსს სანაკრებო პაუზის შემდეგ მიიღებს, როცა „ბლაუგრანა“ „ეიბარს“ გაეჯიბრება.

რონალდ არაუხო, 20 წლის, ცენტრალური მცველი

რონალდ არაუხო გახლავთ ფეხბურთელი, რომელმაც „სევილიასთან“ მატჩში ჟან-კლერ ტოდიბო შეცვალა და 87-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

ურუგვაელი „ბარსას“ შარშან შეუერთდა და კატალონიელთა ძირითად გუნდში სადებიუტო შეხვედრა (ოფიციალური მატჩი იგულისხმება) სწორედ „სევილიასთან“ გამართა. არაუხომ მოედანზე 14 წუთი გაატარა. შემდეგ კი მთავარმა არბიტრმა, მატეუ ლაოსმა უსამართლოდ გააძევა.

20 წლის უკანახაზელი მაღალი და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია. „ბარსელონა“ მასზე დიდ იმედებს ამყარებს, რაზეც არაუხოს კონტრაქტში მითითებული პუნქტიც მეტყველებს. ურუგვაელის გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ფუნტია, ხოლო თუ იგი ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრი გახდება, თანხა გაორმაგდება.

კარლეს პერესი, 21 წლის, გარემარბი

კარლეს პერესმა „კობესთან“ გამართულ შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა და დუბლი გაიფორმა. იგი კატალონიაში გახლავთ დაბადებული და 2012 წელს „ესპანიოლის“ აკადემიას შეუერთდა. პერესს ესპანელი ჟურნალისტები არიენ რობენს ადარებენ. მისი გამოსასყიდი თანხა ასევე 90 მილიონი ფუნტია.

ალექს კოლადო, 20 წლის, შემტევი ნახევარმცველი/გარემარბი

კოლადომ „ბარსელონა ბ“-ს რიგებში უკვე 6 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. ალექსი საფეხბურთო სამყარომ „ლევანტესთან“ ჯახში გაიცნო. კოლადომ ვალენსიელებს ულამაზესი გოლი გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები