იოზილი იანვარში ''ემირეითს'' დატოვებს? - ''არსენალი'' მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

იოზილი იანვარში ''ემირეითს'' დატოვებს? - ''არსენალი'' მოლაპარაკებას აწარმოებს

საფეხბურთო კლუბმა ლონდონის ''არსენალმა'' თურქულ ''ფენერბახჩესთან'' მესუთ იოზილის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო, მხარეთა მიზანია იოზილმა იანვარში ''ფენერთან'' საიჯარო ხელშეკრულება გააფორმოს. ინფორმაციას Mirror-ი თურქულ Takvim-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქული წარმოშობის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადია, მისი ხელფასი კვირაში 350 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. მიმდინარე სეზონში უნაი ემერის მთავარი მწვრთნელობისას იოზილმა სასტარტოში ადგილი დაკარგა, ესპანელი სპეციალისტი უპირატესობას დანი სებალიოსსა და ჯო უილოკს ანიჭებს.

Takvim-ის ცნობით მხარეები ფეხბურთელის ხელფასის თაობაზე მსჯელობენ. კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასის გარკვეულ ნაწილს იოზილს კვლავ ''არსენალი'' გადაუხდის, მეორე ნაწილს კი - ''ფენერი''.

გასულ კვირაში ემერიმ იოზილის შესახებ ისაუბრა. ''სევილიას'' ყოფილი მთავარი მწვრთნელის თქმით იოზილს სასტარტოში თამაში არ დაუმსახურებია.

''შალკეს,'' ''ვერდერისა'' და მადრიდის ''რეალის'' ყოფილი შემტევი 2013 წლიდან ჩრდილოლონდონური კლუბის ფეხბურთელია. გელზენკირხენში დაბადებულმა სპორტსმენმა ინგლისურ კლუბთან ერთად ინგლისის ასოციაციის თასი სამჯერ მოიგო, ერთხელ კი ქომუნითი შილდის გამარჯვებული გახდა.

მიმდინარე სეზონში იოზილმა პრემიერლიგაში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, მეხუთე ტურში ''უოტფორდთან'' გასვლით შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა და მეორე ტაიმში რეის ნელსონმა შეცვალა. Mirror-ის ცნობით იოზილი შიშობს, რომ მან ''არსენალში'' უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და იანვრამდე თამაში არ მოუწევს.

 2009-18 წლებში იოზილმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 92 მატჩში 23 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები