Aa
Aa

"შესაძლოა, პროფესიამ ნებისმიერ გუნდში მომახვედროს, თუმცა "ინტერი" მუდამ ჩემს გულში იქნება"

იტალიურმა "მილანმა" სტეფანო პიოლისთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და იგი მედიას ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში უკვე წარუდგინა.

აპენინურმა პრესამ პიოლის საფეხბურთო გემოვნებაზე გააკეთა აქცენტი და რამდენიმე წლის წინ მიცემული მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან საინტერესო მონაკვეთი შემოგვთავაზა, რომელშიც 53 წლის სპეციალისტი ამბობს, რომ "ინტერის" ერთგული გულშემატკივარია.

"ჩემს ოჯახში ყველა "ინტერისტაა". შესაძლოა, პროფესიამ ნებისმიერ ადგილას და გუნდში მომახვედროს, თუმცა "ნერაძური" მუდამ ჩემს გულში იქნება. გავიზარდე იმაზე ლოცვაში, რომ "ინტერი" ბეკალოსისთან და პასინატოსთან ერთად "სკუდეტოს" მოიგებდა". - განუცხადა პიოლიმ Sport Mediaset-ს.

პიოლი "ინტერს" 2016-2017 წლების სეზონის საწყის 27 მატჩში წვრთნიდა, თუმცა მათგან 10-ში დამარცხებისა და, ზოგადად, არასასურველი შედეგების გამო, პოსტიდან დაითხოვეს. იგი ბოლო წლებში "ბოლონიაში", "ლაციოსა" და "ფიორენტინაში" მუშაობდა, რომლიდანაც ასევე ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

„მილანის“ ტიფოზები პიოლის მათ საყვარელ გუნდში შესაძლო დანიშვნას უკვე გუშინ საღამოს აპროტესტებდნენ და „ტვიტერზე“ სპეციალური ჰეშთეგი - #PioliOut გაავრცელეს, რომელიც გუშინ ამ სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჰეშთეგი გახლდათ.

სტეფანო პიოლის მილანური დებიუტი 20 ოქტომბერს, "სან სიროზე" გასამართ "ლეჩესთან" სერია A-ს მატჩისას შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები