Aa
Aa

ვუ ლეიმ ცსკა-ს გაუტანა და ისტორიაში შევიდა!

კატალონიური „ესპანიოლის“ შემტევი, ვუ ლეი, პირველი ჩინელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლის გატანა შეძლო.

27 წლის აზიელმა მოსკოვის ცსკა-სთან რუსეთში გამართულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, საბოლოოდ კი მისმა გუნდმა მეტოქე 2:0 დაამარცხა. ლეიმ საგოლე გადაცემა მატიას ვარგასისგან მიიღო, რის შემდეგაც კარიდან გამოსულ იგორ აკინფეევს ბურთი თავზე ოსტატურად გადაუგდო.

კატალონიელებმა ევროპა ლიგის H ჯგუფში 4 ქულა მოაგროვეს და მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერ „ლუდოგორეცს“ ჩამორჩებიან, რომელიც ჯერჯერობით უდანაკარგოდაა.

მას შემდეგ, რაც ჩინელი ფეხბურთელი „ესპანიოლს“ შეუერთდა, აზიის რეგიონში ამ გუნდის მატჩებს იმაზე უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე კიდევ ერთი კატალონიური კლუბის, „ბარსელონას“, შეხვედრებს.

ვუ ლეი „თუთიყუშების“ რიგებს იანვარში შეუერთდა და მისი მაისურით აქამდე ჩატარებულ 30 მატჩში 5 გოლი შეაგდო. იგი ჩინეთის სუპერ ლიგის ბოლო წლების გამორჩეული ფეხბურთელი იყო და გასული გათამაშება საუკეთესო ბომბარდისი სტატუსით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები