Aa
Aa

Daily Mail - სარის კანტეს შეძენა სურს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი ნგოლო კანტეს გადაბირებით ინტერესდება. ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს. იტალიელი სპეციალისტი ევროპაში საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული და მიზნის მისაღწევად „ჩელსის“ ფეხბურთელის შეძენას აპირებს.

სარი თვლის, რომ კანტეს პიანიჩისა და რემზის ტრიო ევროპაში ნომერ პირველი იქნება. თანაც მათ სათადარიგო სკამიდან ტოპ კლასის ფეხბურთელები შეცვლიან. „ბიანკონერის“ თავკაცს დინამიკური ნახევარდაცვის ხაზის შექმნა აქვს გადაწყვეტილი და მიაჩნია, რომ ამისთვის კანტეს გადაბირება აუცილებელია.

Daily Mail-ის მიხედვით სარიმ თავისი სურვილი „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტს, პაველ ნედვედს გაანდო. „ბებერი ქალბატონის“ მესვეურები ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას გეგმავენ და მიაჩნიათ, რომ კანტეს დაახლოებით 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გამოისყიდიან.

ფრანგი ნახევარმცველი 2016 წლიდან „ჩელსის“ ღირსებას იცავს. „არისტოკრატები“ მის გასხვისებას არ აპირებენ, თუმცა ფრენკ ლამპარდი „ლურჯების“ გაახალგაზრდავებაზეა ორიენტირებული და შესაძლოა კანტეს გაყიდვას დათანხმდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები