„ჰოლანდის დონეზე დგას, ბენზემას მახსენებს“ - ალონსომ ჟოაუ პედრო დაახასიათა
ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ჩელსის“ 24 წლის ფორვარდი ჟოაუ პედრო დასახელდა, რომელმაც გასულ თვეში თავი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ბუნებრივია, საკუთარი შეგირდის ინდივიდუალური აღიარებით ნებისმიერი კლუბის მთავარი მწვრთნელი ბედნიერია, თუმცა „არისტოკრატების“ ესპანელი დამრიგებლის ჩაბი ალონსოს კომენტარმა მაინც დიდი ხმაური გამოიწვია, რომელმაც ბრაზილიელი ფორვარდი სათამაშო ხარისხით ერლინგ ჰოლანდსა და კარიმ ბენზემას შეადარა.
ჩაბი ალონსო
მე ჟოაუ პედროსა და ერლინგ ჰოლანდს ერთ დონეზე დავაყენებდი. ინგლისის პრემიერლიგაში ძალიან ბევრი უმაღლესი კლასის ფორვარდია და ჟოაუც მათ რიგებს მიეკუთვნება. ის არამხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით, არამედ ადამიანურადაც გამორჩეულად შრომისმოყვარეა. წელს მის წინაშე დიდი ამოცანები დგას - უნდა გაიტანოს ბევრი გოლი და კიდევ ბევრი თვის ლაურეატი გახდეს. ძალიან ბევრი ასპექტით მისი ასპარეზობა კარიმ ბენზემას თამაშს მახსენებს - პედროც და კარიმიც როგორც საჯარიმოში, ასევე მის გარეთ სასარგებლონი იყვნენ და კიდევ - მარცხენა ფლანგიდან შეტევები და მეორე სართულზე თამაში ორივეს უმაღლეს დონეზე ჰქონდა აყვანილი.
ცნობისათვის, „ჩელსიში“ გადასვლამდე ჟოაუ პედრო „ფლუმინენსეს“ (37 მატჩი, 10 გოლი), „უოტფორდის“ (109 მატჩი, 24 გოლი) და „ბრაიტონის“ (70 მატჩი, 30 გოლი) ღირსებას იცავდა. რაც შეეხება მის „არისტოკრატულ“ კარიერას, 57 შეხვედრაში 25 ბურთით გამოიჩინა თავი. ბრაზილიის ნაკრებში მისი დებიუტი 2023 წელს შედგა, ჯერჯერობით მხოლოდ 8 თამაშის ჩატარება მოასწრო და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.