Aa
Aa

ვესტი: "მილანიდან" მაფიის სურვილის გამო გამიშვეს"

ვეტერანმა ნიგერიელმა ფეხბურთელმა, ტარიბო ვესტმა, პრესასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. 45 წლის ვესტის განცხადებით, მას „მილანის“ რიგების დატოვება მაფიის სურვილის გამო მოუწია.

„კლუბიდან იმის გამო გამიშვეს, რომ ჩემი იქ ყოფნა მაფიას არ სურდა. თვლიდნენ, რომ მაშინდელ „მილანში“ აფრიკელი ფეხბურთელის ადგილი არ იყო. ექიმებმა გამოაცხადეს, თითქოს ტრავმა მქონდა და გუნდი ამიტომ მიშვებდა, თუმცა ეს ტყუილი გახლდათ.

როცა „მილანიდან“ მოვდიოდი, „ლივერპული“ დამიკავშირდა და იქ გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ საბოლოო არჩევანი „დერბიზე“ შევაჩერე“.

ნიგერიელი მცველი „მილანში“ 2000 წლის ზაფხულში „ინტერიდან“ გადავიდა, თუმცა „როსონერის“ მაისურით მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და გუნდი ნოემბერში დატოვა.

ვესტმა, რომელიც „დერბიში“ გიორგი ქინქლაძის თანაგუნდელი იყო, ინგლისურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშა. ნიგერიელ ფეხბურთელს კარიერის ყველაზე წარმატებული ნაწილი ფრანგულ „ოსერში“ აქვს გატარებული, „ინტერში“ კი 2 სეზონის განმავლობაში 50-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება ნიგერიის ნაკრებს, ვესტმა მისი მაისური 42 შეხვედრაში მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები