ბასილაშვილის პირველი გამარჯვება მეცის ტურნირზე
Aa
Aa

ბასილაშვილის პირველი გამარჯვება მეცის ტურნირზე

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის 250-იანი საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით გახსნა. ნიკა მეორე ნომრადაა განთესილი და გათამაშებაში 1/8 ფინალიდან ჩაერთო, სადაც გერმანელ იანიკ მადენს დაუპირისპირდა.

ბასილაშვილს მეტოქის დასამარცხებლად ერთი საათი და 32 წუთი დასჭირდა. ჩვენებურმა მადენს ორ სეტში, 6:2, 7:6(8:6) სძლია.

ნიკოლოზმა მატჩი შესანიშნავად დაიწყო და პირველი სეტი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ქართველს საწყის პარტიაში მეტოქისთვის არცერთი ბრეიკპოინტი არ მიუცია, თავად კი მოწინააღმდეგის ჩაწოდება ორჯერ მოიგო.

პირველისგან განსხვავებით მეორე სეტი უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა. 2:2-ზე ნიკამ თავისი ჩაწოდება დათმო, თუმცა ბრეიკი მალევე შეასრულა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა.

ტაიბრეიკი ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო. ჩვენებური ერთ მომენტში 4-2-ს იგებდა, თუმცა მადენმა ბოლომდე იბრძოლა და სეტპოინტიც მიიღო - 6:4. მიუხედავად ამისა ქართველმა ტაიბრეიკის შემობრუნება მაინც მოახერხა და 8:6 იმარჯვა.

ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება, რომელმაც თანამემამულე პიერ-უგო ერბერს ორ სეტში აჯობა. ცონგა და ბასილაშვილი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან, ამჟამინდელი ანგარიში 1:1-ია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები